თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ალბანეთში გამართული უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, კიდევ ერთხელ უზრუნველყოს პლატფორმა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებისთვის. ვიდეომიმართვა თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
„ჩვენ ფუნდამენტურად ვუჭერთ მხარს [უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ] ზელენსკის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმას. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში სამშვიდობო ინიციატივების წარმატების აუცილებელი პირობაა მოლაპარაკებებში ორივე მხარის [რუსეთისა და უკრაინის] მონაწილეობა. ჩვენ მზად ვართ, კვლავ შევთავაზოთ მაგიდა მოლაპარაკებებისთვის, - განაცხადა ერდოღანმა.
კრემლმა განაცხადა, რომ პუტინის თურქეთში ვიზიტი მარტის შუა რიცხვებში, რუსეთში საპრეზიდენტო "არჩევნების" შემდეგ შედგება.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ეფუძნება უკრაინიდან რუსეთის ჯარის სრულ გაყვანას, სამხედრო დამნაშავეების რეპარაციას და დასჯას, ასევე უკრაინელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებას და მათ დაბრუნებას. უკრაინა ორ წელზე მეტია, თავს იცავს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისგან.