ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის €50 მილიარდიანი დაფინანსება საბოლოოდ დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ სამი საკანონმდებლო აქტი მიიღო, რომლებსაც 2021-2027 წლის გრძელვადიან საფინანსო გეგმაში ცვლილებები შეაქვს და უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.


პაკეტი მთლიანობაში 64.6 მილიარდ ევროს მოიცავს, რომლიდანაც 50 მილიარდი უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარებისთვის არის გათვალისწინებული. სხვა საჭიროებებთან ერთად, თანხა მიგრაციისა და საზღვრის კონტროლსა და EU-სა თუ მსოფლიოში ბუნებრივი და ჰუმანიტარული კატასტროფებისთვის გამოყოფილ დახმარებას მოხმარდება.

27 თებერვალს აღნიშნული მაკროსაფინანსო პაკეტი ევროპარლამენტმა დაამტკიცა.

ევროპულმა საბჭომ ევროკავშირის 2021-2027 წლის გრძელვადიანი საფინანსო ჩარჩო 2020 წლის დეკემბერში მიიღო. უკრაინა დახმარების პირველ ნაწილს მარტში მიიღებს.