ესტონეთის პრემიერის თქმით, დახურულ კარს მიღმა უნდა განიხილებოდეს ყველა ვარიანტი, რისი გაკეთებაც მოკავშირეებს შეუძლიათ. მან მაკრონის სიტყვებს დროული უწოდა. კაია კალასმა განაცხადა, რომ ქვეყანა განიხილავს „ყველა შესაძლებლობას“, გამონაკლისის გარეშე, რათა დაეხმაროს უკრაინას პუტინის დამარცხებაში.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიდი ქვეყნები მიხვდნენ, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა რუსეთმა ეს ომი ვერ მოიგოს, რადგან შემდეგ საქმე გვექნება უფრო მძიმე შედეგებთან," – აღნიშნა კალასმა. მისივე შეფასებით, მაკრონის ინიციატივა რუსეთისთვის უნდა იყოს სიგნალი, რომ დასავლეთი არ გამორიცხავს შესაძლებლობებს, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია.
მაკრონის სიტყვები დადებითად შეაფასეს ბალტიისპირეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიეტუვაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ მადლობელი იყო ამ ინიციატივისთვის და დაამატა, რომ "არცერთ შესაძლებლობაზე არ უნდა ითქვას უარი.
„ლიეტუვის ოფიციალური პირები განიხილავენ სამხედროების გაგზავნას უკრაინაში წვრთნების ჩატარების მიზნით,“ განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა კესტუტის ბუდრისმა და აღნიშნა, რომ იარაღისა და საბრძოლო მასალის სახით მხარდაჭერა რჩება უმთავრეს პრიორიტეტად.
„ჩვენ ვსაუბრობთ ამ შესაძლებლობაზე და ამას ვაკეთებთ სრულიად ღიად. ბევრი ნიუანსია იმის თაობაზე, თუ როგორ და რა პირობებში შეიძლება, ეს მოხდეს,“ - განაცხადა ბუდრისმა.
ნიდერლანდები ასევე შეუძლებლად არ მიიჩნევს ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნას, „მაგრამ ამის დრო ჯერ არ არის,“ - განაცხადა თავდაცვის ხელმძღვანელმა, გენერალმა ონნო ეიხელშეიმმა. „ვფიქრობ, ყველა ვარიანტი ღია უნდა დარჩეს,“ - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ჯერჯერობით ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
დიდი ბრიტანეთი არ გეგმავს უკრაინაში ჯარების ფართომასშტაბიან განლაგებას, განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, მაგრამ ბრიტანეთის ჯარების მცირე რაოდენობა უკვე ქვეყანაში იმყოფება.
„გარდა იმ მცირე რაოდენობის პერსონალისა, რომელიც ქვეყანაში გვყავს, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ჩვენ არ გვაქვს გეგმები ფართომასშტაბიანი განლაგების შესახებ,“ - განაცხადეს სუნაკის ოფისში.
კანადა მზადაა, გაგზავნოს შეზღუდული რაოდენობის სამხედრო პერსონალი უკრაინის შეიარაღებული ძალების უკრაინის ტერიტორიაზე მოსამზადებლად, იმ პირობით, რომ სამხედრო პერსონალი ფრონტის ხაზის მოშორებით განთავსდება, განაცხადა თავის მხრივ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა.
მისივე თქმით, კანადელ ჯარისკაცებს უკვე აქვთ უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების გამოცდილება. წვრთნები 2015 წელს დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნა სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე განხორციელდა. კანადის მონაწილეობა ოპერაციაში - Unifier 2022 წლის მარტის შუა რიცხვებში დასრულდა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ მაკრონის განცხადების შემდეგ, France Inter-ის ეთერში განმარტა, რომ მისი ქვეყანა არ გაგზავნის თავის ჯარს უკრაინაში საომარ მოქმედებებში უშუალო მონაწილეობის მისაღებად. თავის მხრივ, მაკრონმა განმარტა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “გაზომილი და გააზრებული” იყო.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ “არ შეიძლება, გამოვრიცხოთ” უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა.
„ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გააზრებული და გაზომილი,” - განაცხადა მაკრონმა.
როგორც ცნობილია, NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს.
უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც გამორიცხა.