ბორელის თქმით, დღეს ისტორიული მომენტია ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობებისთვის

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებში ისტორიული ეტაპია.

„2023 წლის ოქტომბერში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ძალიან მკაფიო გზავნილი გასცა - სომხეთი მზად არის, დაუახლოვდეს ევროკავშირს. საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ უმაღლეს წარმომადგენელს და კომისიას დაავალა, გამოიკვლიონ ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობების გაძლიერების გზები „ყველა განზომილებაში“. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ამაზე ვმუშაობდით. წინ მიმავალი გზა ზოგჯერ რთულია. სომხეთის წარსული გადაწყვეტილებები, რომლებსაც შედეგად მოჰყვა პოლიტიკური და ეკონომიკური დამოკიდებულება, აგრეთვე, დამოკიდებულება უსაფრთხოების საკითხებში, ერთ ღამეში ვერ გადაილახება. მაგრამ ორივე მხარის მკაფიო პოლიტიკური ნება საშუალებას მოგვცემს, წინ წავიწიოთ ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებასა და გაფართოებაში,“ - განაცხადა ბორელმა.


„ევროკავშირი აგრძელებს ყარაბაღელი სომხების მხარდაჭერას. ჩვენ გამოვყავით 12,2 მილიონი ევრო გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და გამოვყოფთ დამატებით 5,5 მილიონ ევროს“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ურყევი ვალდებულება სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის უცვლელი რჩება და მზად არიან, მხარი დაუჭირონ მდგრად და გრძელვადიან მშვიდობას.


„ჩვენ უარვყოფთ ძალის ნებისმიერ გამოყენებას და მუქარას. ვაგრძელებთ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერას,“ – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

მანვე აღნიშნა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით დიალოგის დაწყების ვარიანტებიც განიხილება.

„სომხეთმა ამასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი გამოხატა და ჩვენ მოვუწოდეთ მის ხელმძღვანელობას, გააძლიეროს ძალისხმევა შესაბამისი რეფორმების განსახორციელებლად. ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყება მნიშვნელოვან პოლიტიკურ სიგნალს გაუგზავნის სომხეთის მოქალაქეებს და გახდება შემდგომი რეფორმების ბერკეტი,“ – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

„ჩვენ ვაფართოვებთ დიალოგს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე და ასევე ვიკვლევთ სომხეთის მონაწილეობას ევროკავშირის ხელმძღვანელობით მისიებსა და ოპერაციებში“, - აღნიშნა ბორელმა.