დაზვერვის გაფრთხილების შემდეგ, შვედეთი წყვეტს რუსეთის ეკლესიის მხარდაჭერას

შვედეთში განაცხადეს, რომ შეუწყვეტენ მხარდაჭერას რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ქვეყანაში მას შემდეგ, რაც დაზვერვა გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოსკოვი ეკლესიას სადაზვერვო საქმიანობისთვის იყენებდა.


შვედეთის უსაფრთხოების სამსახურს (Sapo) მიაჩნია, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია გამოიყენება რუსეთის სახელმწიფოს მიერ „როგორც პლატფორმა სადაზვერვო მონაცემების შეგროვებისთვის, რომლებიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას.“

შვედეთის სარწმუნოების თემების მხარდაჭერის სააგენტომ განაცხადა, რომ ის ასევე წყვეტს ფინანსურ დახმარებას ეკლესიისთვის, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მოსკოვის საპატრიარქო, რადგან არ შეესაბამება მის „დემოკრატიულ კრიტერიუმებს.“


„შვედეთის უშიშროების სამსახურის შენიშვნებიდან ჩანს, რომ რელიგიური თემის წარმომადგენლებს ჰქონდათ კონტაქტი იმ ადამიანებთან, რომლებიც მუშაობენ რუსეთის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებში,“ - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მანვე დასძინა, რომ ეკლესიამ მიიღო მნიშვნელოვანი დაფინანსება რუსული სახელმწიფოსგან და რომ წარმომადგენლები როგორც ჩანს, ხელს უწყობდნენ "უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერას."

სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ეკლესია უარყოფს მის წინააღმდეგ გაკეთებულ ბრალდებებს. მოსკოვის საპატრიარქო გრანტების მცირე მიმღებთა შორის იყო და 2022 წელს ეკლესიამ შვედეთის სახელმწიფოსგან სულ რაღაც 200,000 კრონა (19,300 აშშ დოლარი) მიიღო.