პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინა დამარცხდება რუსეთთან ომში, მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მოუწევს ამ უკანასკნელთან ბრძოლა. ამის შესახებ მან 29 თებერვალს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევისთვის დამატებითი დაფინანსების დამტკიცება მნიშვნელოვანია, რათა თავიდან იყოს აცილებული ვითარება მსოფლიოში, „როდესაც ერთ ქვეყანას შეუძლია თავისი მეზობლების საზღვრების შეცვლა და მათთთვის სუვერენული ტერიტორიების უკანონოდ წართმევა.“
„ჩვენ ვიცით, რომ თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს, ის არ გაჩერდება. სხვა ავტოკრატები შეხედავენ ამას და ისინიც წახალისდებიან იმით, რომ ეს მოხდა და ჩვენ ვერ შევძელით დემოკრატიული სახელმწიფოს მხარდაჭერა.“ - დასძინა ოსტინმა.
მოგვიანებით ოსტინმა განმარტა, რომ თუ უკრაინა ბრძოლის ველზე დამარცხდება, უპირველეს ყოვლისა, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ ბალტიისპირეთის ქვეყნები აღმოჩნდნენ.