ყაზახურმა და ჩინურმა კომპანიებმა შუა დერეფნის გავლით მეტი საკონტეინერო მატარებლის გატარებაზე შეთანხმება გააფორმეს

ყაზახურმა KTZ Express JSC-მა და ჩინურმა Yuxinou Logistics Co., Ltd-მა, ყაზახეთის გავლით 200 საკონტეინერო მატარებლის გაგზავნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. მათ შორის, საუბარია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გასწვრივ (TITR, შუა დერეფანი) უფრო მეტი ტვირთის (20,000 TEU) გადაზიდვაზე.

ინფორმაციას აერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ყაზახეთის KTZ Express-მა ამ თვეში სამი საკონტეინერო მატარებელი გაგზავნა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR). 


ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.