- დიდი ბრიტანეთი აიძულებს გერმანიას, Taurus-ის რაკეტები უკრაინაში გაგზავნოს
- ოლაფ შოლცმა უარი თქვა კიევში უფრო ძლიერი რაკეტების გაგზავნაზე
- კანცლერმა განაცხადა, რომ არ სურს დაძაბულობის ესკალაცია
დიდი ბრიტანეთის მთავრობა მოუწოდებს გერმანიას, მიაწოდოს შორი მანძილის (Taurus) რაკეტები. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
„ბრიტანეთის მაღალჩინოსნებმა და ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განუცხადეს გერმანიას, რომ უკრაინას სჭირდება Taurus-ის რაკეტები,” - წერს გამოცემა.
გერმანიამ უნდა შეწყვიტოს უარის გამართლება,“ განაცხადა ერთმა ბრიტანელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა.
- შოლცი განმარტავს, რატომ არ გადასცემენ უკრაინას Taurus-ს.
ამასთან, როგორც Bloomberg-ი წერს, გერმანიის კანცლერის სიტყვებს, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის გადაცემულ შორი მანძილის რაკეტებს მართავენ, პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.
„შოლცის კომენტარები არასწორია, უპასუხისმგებლო და მოკავშირეებისთვის სახეში სილის გაწვნაა,“ - აღნიშნა თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალისია კერნსმა.
შოლცმა Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების გადაცემაზე უარი იმით გაამართლა, რომ მათი ოპერირება გერმანელ სამხედროებს მოუწევდათ, რაც, კანცლერის აზრით, ქვეყანას კონფლიქტის აქტიურ მონაწილედ აქცევდა.
მის სიტყვებს, უკრაინის შეიარაღებაზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ოფიციალური გამოხმაურება საფრანგეთისგან არ მოჰყოლია. თუმცა პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის პარტიის წარმომადგენელმა, პარლამენტარმა ბენჟამინ ჰადადმა X-ზე დაწერა, რომ შოლცის სიტყვებმა ლონდონთან "დიპლომატიური კრიზისი" გამოიწვია და ბერლინი "ძალიან იზოლირებულია."
გასულ თვეებში დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა კიევს უკვე მიაწოდა SCALP/Storm Shadow-ს ტიპის რაკეტები, რომლებსაც უკრაინელები ეფექტიანად იყენებდნენ.