Bloomberg: ბაიდენმა მოკავშირეები გააფრთხილა, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, მსოფლიო წესრიგი მომდევნო 50-წლის განმავლობაში შეიცვლება

Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სურს, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა, 2024 წლის ივნისის სამიტამდე, რუსული სუვერენული აქტივების გამოყენების გეგმებში უკრაინის მხარდასაჭერად მიაღწიონ პროგრესს.


როგორც გამოცემა წერს, G7-ის ოფიციალური პირები 280 მილიარდი დოლარის რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გამოყენების ვარიანტებს განიხილავდნენ.

ინფორმირებული წყაროს თქმით, ეს დებატები მოჰყვა იმ ფაქტს, როდესაც ბაიდენმა ასევე პირადად განუცხადა მოკავშირეებს, რომ თუ უკრაინა დაეცა, მას სჯერა, რომ საერთაშორისო წესრიგი მომდევნო ხუთი ათწლეულის განმავლობაში შეიცვლება.

ანონიმური წყაროს ცნობით, ბაიდენს სურს, გაყინული აქტივები უკრაინის საბიუჯეტო საჭიროებების დასაფინანსებლად, მოგვიანებით კი, უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ. ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ჩამორთმეული რუსული სახსრების გამოყენება უკრაინის დახმარების საჭიროებას ვერ ჩაანაცვლებს.