საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: 1938 წლის შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ აღნიშნა, რომ დასავლეთმა არ უნდა დაუშვას „აგრესორის დაშოშმინების“ სცენარის გამეორება, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომამდე იყო და რამაც საბოლოოდ ვერ შეძლო კიდევ უფრო უარესი ომის თავიდან აცილება. ამის შესახებ მან France Inter-ის სტუდიაში ისაუბრა, როდესაც პარიზის პოლიტიკური პოზიცია და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ბოლო განცხადებები განმარტავდა.


„ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ ისეთი პერიოდის გამეორება, როგორიც 1938 წლის სექტემბერი იყო, როდესაც ჩეხოსლოვაკია „ჩაბარდა“ ეფემერული მშვიდობისთვის... ახლა ჩვენი მიზანია, დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი რუსეთთან ბრძოლის გარეშე წააგებს. და ამ ფარგლებში, არცერთი ნაბიჯი არ არის გამორიცხული,“ - განაცხადა სტეფან სეჟურნემ.


მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ესკალაციისთვის“ დასავლური დედაქალაქების დადანაშაულება შეუსაბამოა.ის, ვინც ახლა ესკალაციას უწყობს ხელს, არის რუსეთი. რუსები უტევენ უკრაინას. სწორედ რუსეთი ემუქრება ევროპის უსაფრთხოებას," - აღნიშნა მინისტრმა.


შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ორშაბათს პარიზში შეხვედრის შემდეგ არ გამორიცხა სამომავლოდ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოკავშირეებს შორის კონსენსუსი არ არსებობს. მოგვიანებით საფრანგეთმა განმარტა, რომ საომარ მოქმედებებში უცხო სამხედროების მონაწილეობაზე საუბარი არ ყოფილა. ამის შემდეგ რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ, NATO-მ და აშშ-მ აღნიშნეს, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ აპირებენ.