ნიდერლანდები უკრაინისთვის 800 ათასი საარტილერიო ჭურვის შეძენისთვის 250 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ხარკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ნიდერლანდები დაეხმარება ჩეხეთის ინიციატივას შეიძინოს 800 ათასი ჭურვი და ეს უახლოეს კვირებში მოხდება. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ 250 მილიონ ევროს გამოვყოფთ. დარწმუნებული ვარ, რომ NATO-ს კოლეგები ამ პროცესში შემომიერთდებიან.
ასევე ვმუშაობთ F-16 თვითმფრინავები უკრაინაში რაც შეიძლება მალე ჩავიდნენ, რათა უკრაინამ ჰაერში უპირატესობა მოიპოვოს. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ჩვენი მესიჯი გასაგებია - მხარში ვუდგავართ უკრაინას,” - განაცხადა რუტემ.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვისა და პოლიციისთვის 22 საპატრულო ნავი შეიძინა, ისევე როგორც 3 საბრძოლო ნავი.
„შევიძინეთ 4 რადარი, 9 ჰაუბიცა, რომლებსაც [უკრაინას] მივაწოდებთ იმასთან დამატებით, რაც უკვე მივაწოდეთ. ჩვენს ფოკუსშია ჩვენი თავდაცვითი წარმოების გაზრდა და გზების ძიება, თუ როგორ შეგვიძლია დავძლიოთ მიწოდებების შეფერხებები,” - განაცხადა რუტემ.