გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი კარლ ლაუტერბახი მიიჩნევს, რომ გერმანიის ჯანდაცვის სისტემა უფრო ადაპტირებადი უნდა გახდეს, მათ შორის, შესაძლო „სამხედრო კონფლიქტების“ გათვალისწინებით.
უკრაინის წინააღმდეგ ომი გრძელდება, რუსული რიტორიკა სულ უფრო მკვეთრი ხდება: ამ საფრთხის გათვალისწინებით, ჯანდაცვის ფედერალურ მინისტრს კარლ ლაუტერბახს სურს, მოამზადოს გერმანიის ჯანდაცვის სისტემა შესაძლო „სამხედრო კონფლიქტებისთვის.“
გერმანია არამხოლოდ უკეთესად უნდა იყოს მომზადებული მომავალი პანდემიებისთვის, არამედ, „დიდი კატასტროფებისა და შესაძლო სამხედრო კონფლიქტებისთვის,“ აღნიშნა ლაუტერბახმა. მან ზაფხულისთვის შესაბამისი კანონპროექტიც დააანონსა.
„არაფრის კეთება გამოსავალი არ არის. გარდატეხა აუცილებელია ჯანდაცვის სისტემისთვის. უფრო მეტიც, გერმანია შეიძლება, სხვა ქვეყნებიდან დაჭრილებისა და დაშავებულების დახმარების ცენტრი გახდეს, თუ ალიანსი არსებობდა," - აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანახმად, რუსეთი დასავლეთთან მომდევნო ათწლეულის განმავლობაში სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა იანვარში განაცხადა, რომ ალიანსი 5-8 წლის განმავლობაში NATO-ს წევრ ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმისთვის უნდა მოემზადოს.
ბრიტანეთის არმიის სარდალმა NATO-სთან ომის შემთხვევაში, რუსეთს სწრაფი მარცხი უწინასწარმეტყველა.