საქართველოში WizzAir-ის ავიარეისები მცირდება

უნგრეთის ავიაკომპანია WizzAir-ი საქართველოში რეისების რაოდენობას ამცირებს. სრულად შეჩერდება ფრენა ქუთაისსა და პოლონეთის ქალაქ გდანსკს შორის. ხოლო იტალიის მიმართულებით, ქუთაისი-რომის რეისზე, თვითმფრინავი დაჯდება ჩამპინოს აეროპორტში, ფიუმიჩინოს საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად. ეს გადაწყვეტილება მანამდეც იყო ცნობილი და მარტის ბოლოდან შედის ძალაში. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.


რეისების შეჩერებისა და შეცვლის გადაწყვეტილება შეეხება სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის - სერბეთს, იტალიას, საბერძნეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ავსტრიას, ლიეტუვას, ლატვიასა და სხვა. ამის შესახებ Lowcostavia წერს.


ავიამიმოსვლის გრაფიკში შეტანილი ცვლილებების მიზეზად დასახელებულია Airbus-ის ძრავების მომსახურებასთან დაკავშირებული გამოწვევები. Airbus-ების შემოწმების პროცესი შარშან დაიწყო, Pratt & Whitney-ის PW1100G ძრავებში აღმოჩენილი ხარვეზის გამო, რაც ექსპლუატაციის ვადებს ამცირებს.


შემოწმების პროცესი WizzAir-ისთვის დამატებითი საზრუნავი გახდა, რადგან თვითმფრინავების გაჩერებას მოითხოვს. მსგავს პრობლემებს წააწყდნენ სხვა ავიაკომპანიებიც.

LowcostAvia-ს ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ პირველი კვარტლის ბოლოს WizzAir-ს, სულ ცოტა, 45 თვითმფრინავის გაჩერება მოუწიოს, რაც მისი ავიაპარკის 1/5-ს შეადგენს.