ოდესაზე თავდასხმის შედეგად დანგრეულ სახლში კიდევ ერთი ჩვილის ცხედარი იპოვეს

2 მარტს ოდესაში, საცხოვრებელ სახლზე დრონით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა.

„მეცხრა დაღუპულის გვერდით ნაპოვნია ჩვილის ცხედარი,“ - აცხადებს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეჰ კიპერი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბავშვი 8 თვის იყო.


2 მარტს, ნანგრევების ქვეშ მაშველებმა 3 თვის ბავშვის და მისი დედის ცხედრები იპოვეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 წლის ბავშვიც. ამის შესახებ ოდესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ კიპერმა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ განაცხადეს.


უკრაინის სამხრეთის დაცვის ძალების ტელეგრამარხზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, რუსეთის ფედერაციამ „მორიგი ტერორისტული თავდასხმისთვის“ თვითმკვლელი დრონები [Shahed-131/136] გამოიყენა.


ოფიციალური ინფორმაციით, 8 დრონი რუსეთმა ოდესის ოლქისკენ შავი ზღვის აკვატორიიდან გაგზავნა. ოფიციალური ინფორმაციით, ერთი საათის განმავლობაში, უკრაინის ანტისაჰაერო სისტემამ 7 დრონი ჩამოაგდო, ხოლო ერთი 9-სართულიან სახლს დაეცა.

კვირა დღე ოდესის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა.