გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 3 მარტს განაცხადა, რომ რუსეთს „საინფორმაციო ომი“ აქვს გაჩაღებული, რომლის მიზანი გერმანიის შიგნით უთანხმოების გაღვივებაა.
პისტორიუსმა რუსული მედიის მიერ გერმანიის მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრების შეხვედრის ჩანაწერის გამოქვეყნებაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
„ეს ინციდენტი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ საუბრის მოსმენა. ეს არის საინფორმაციო ომის ნაწილი და ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ პუტინის ხრიკებს. ეს არის ჰიბრიდული დეზინფორმაციული თავდასხმა, რომლის მიზანია ჩვენი ერთიანობის შელახვა,“ – აღნიშნა პისტორიუსმა.
გერმანიის ხელისუფლება იძიებს, როგორ მოხვდა რუსეთის ხელში გერმანელი ოფიცრების საუბრის ჩანაწერი.