სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს დაზარალებულისთვის €12 000-ის გადახდა დააკისრა - HRC

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე - „ელიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული საჩივრით, კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლებზე დაყრდნობით, განმცხადებელი ევროსასამართლოში ჩიოდა მისი შვილის გარდაცვალებასა და ამ კუთხით ეფექტიანი გამოძიების არარსებობაზე.


„საქმეზე - „ელიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის ფუნდამენტური დარღვევები და მიიჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების ჩატარება. სასამართლომ მიუთითა გამოძიების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე და ფაქტობრივად, გამოძიების არაეფექტურობასთან დაკავშირებით განმცხადებლების ყველა არგუმენტი გაიზიარა. ხოლო მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები დაუშვებლად მიიჩნია.


როგორც გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, სასამართლოს არ შეუძლია უგულებელყოს ის ფაქტი, რომ კავშირი მომჩივნის შვილის სიკვდილსა და პოლიციის მიერ მის დევნას შორის აშკარა იყო 2016 წლის 3 აგვისტოს. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ დონეზე არსებული რეგულაციებით პოლიციის თანამშრომლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება პროკურატურას უნდა ეწარმოებინა, ამ საქმის გამოძიება პოლიციას დაევალა.


პროკურატურამ მხოლოდ თხუთმეტი თვის შემდეგ დაიწყო გამოძიება. აქედან გამომდინარე, გამოძიების ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი ჩატარდა იმ ორგანოს მიერ, რომელსაც არ ჰქონდა საკმარისი დამოუკიდებლობა პოლიციის თანამშრომლებისგან, რომელთა პასუხისმგებლობაც შესაძლოა, გამოკვეთილიყო აღნიშნულ ინციდენტში. უფრო მეტიც, გამოძიების რამდენიმე ძირითადი ხარვეზი პირდაპირ კავშირშია ამ ფაზასთან,“ წერს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც ოჯახის უფლებებს იცავდა.


„დაბოლოს, გამოძიება უკვე შვიდ წელზე მეტია მიმდინარეობს. მთავრობას არ განუმარტავს, რატომ გაგრძელდა გამოძიება ასე ხანგრძლივად. აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირია სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების გაჭიანურება, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება საეჭვო გარემოებაში გარდაცვალებას ან/და მსხვერპლის არასათანადო მოპყრობას, რასთანაც სავარაუდო კავშირი ჰქონდათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. სასამართლო გამოძიების ამგვარად გაჭიანურებას გაუმართლებლად მიიჩნევს,“ - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში HRC-ს ცნობით.


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მომჩივანის სასარგებლოდ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა 12 000 ევროს გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურა ელიბაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2021 წელს მიმართა.