მაკრონი: უახლოეს მომავალში ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნას არ განვიხილავთ, მაგრამ დისკუსიას ვიწყებთ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზი უახლოეს მომავალში ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნას არ განიხილავს. გამოცემასთან საუბრისას, საფრანგეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შეეხო თავის განცხადებას, რომ პარიზში გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მომავალში არაფერია გამორიცხული.


„ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნას განვიხილავთ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დისკუსიას ვიწყებთ და ყველაფრის შესახებ ვფიქრობთ, რაც უკრაინის მხარდასაჭერად შეიძლება გაკეთდეს, განსაკუთრებით კი უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.


მან ჩეხურ გამოცემა Novinky-ისთან ინტერვიუში განაცხადა, საფრანგეთი ესკალაციაზე უარს ამბობს.


„გარდა ამისა, მე ჩვენს ჩარჩოებს ყოველთვის მკაფიოდ განვსაზღვრავდი, ჩვენ ომს რუსი ხალხის წინააღმდეგ არ ვაწარმოებთ და ესკალაციის ლოგიკაში შესვლაზე უარს ვამბობთ,“ - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

გასულ კვირას, პარიზში, უკრაინის საკითხზე გამართული სამიტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთის ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავდა.