საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისლანდიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისლანდიას აქვს უდიდესი პოტენციალი და გამოცდილება ბუნებრივი კრიზისების მართვაში, მნიშვნელოვანია საქართველომ ამ მიმართულებით გააღრმაოს მასთან თანამშრომლობა.
ზურაბიშვილის თქმით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და მისი მრავალფეროვანი ასპექტები განიხილეს. პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრის ერთ - ერთი მთავარი საკითხი იყო ასევე მწვანე და განახლებადი ენერგიების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები და ამ ურთიერთობების მრავალფეროვანი ასპექტები. ის გლობალური გამოწვევები, რაც არსებობს კლიმატის ცვლილებების კუთხით და ჩვენი დროის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ამ ასპექტში, ეს არის სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრს მივიღოთ, გავიზიაროთ ამ კუთხით თქვენი გამოცდილება და ტექნოლოგიების გაცვლა მოხდეს ამ კუთხით, რამეთუ თქვენ და თქვენი ქვეყანა დიდი ხანია ამაში არის ჩართული.
პატარა ქვეყნებისთვის და ჩვენი ორი ქვეყნისთვის ბიომრავალფეროვნება არის ფასდაუდებელი საგანძური, რასაც გაფრთხილება და განვითარება სჭირდება, ვთვლი, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უდიდესი პოტენციალი არსებობს და მას გამოყენება სჭირდება.
მწვანე და განახლებადი ენერგიების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება იყო ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი.
პრეზიდენტი საქართველოში ბიზნეს დელეგაციასთან ერთად იმყოფება და მოხარული ვარ, რომ ვიზიტის დროს საქართველოს და ისლანდიის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები შეძლებენ ამ შესაძლებლობების სიღრმისეულად განხილვას და იმედი მაქვს კონკრეტული ერთობლივი მიზნების დასახვის. ისლანდიას აქვს უდიდესი პოტენციალი და გამოცდილება ბუნებრივი კრიზისების მართვაში და მნიშვნელოვანია, საქართველომ ამ მიმართულებით გააღრმაოს მასთან თანამშრომლობა, ჩვენ გასულ წელს განვიცადეთ ორი დიდი ტრაგედია და დღეს უკვე ვიცით, რომ აუცილებელია სწრაფი რეაგირება ამ დარგში იყოს სხვანაირად მოფიქრებული და ახლო პარტნიორების ყველა გამოცდილება ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი ორი ქვეყნის კულტურული ურთიერთობები და მზად ვართ, რომ ამ ორი ხალხის და ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით ვეცადოთ ვნახოთ გზები მეტი ურთიერთგაცვლა რომ მოხდეს ჩვენი კულტურის საგანძურების და ხალხთა შორის მეტი დაახლოება,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისლანდია და საქართველო ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და თავისუფლების განმტკიცების ერთიან სულისკვეთებას იზიარებენ - ევროპის მომავალი უკრაინაში წყდება, სადაც ომი აგრესორის დამარცხებით უნდა დასრულდეს.
მისივე თქმით, ისლანდიის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, მოინახულოს საოკუპაციო ხაზი. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრისას პრეზიდენტებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმესი მდგომარეობასა და გამოწვევებზე, როგორიცაა, ახალი სამხედრო ბაზა ოჩამჩირეში. ასევე განიიხილეს შავი ზღვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდილი როლი ალიანსის სტრატეგიაში და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მომავალი ვაშინგტონის სამიტი.
„საქართველოს ევროპული მომავლისთვის, რეგიონისა და მთლიანად ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, როცა საქართველომ კანდიდატის სტატუსის მიღებით ისტორიული ნაბიჯი გადადგა და არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისთვის ემზადება.
ეს პერიოდი ასევე და ზოგადად ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. ევროპის მომავალი წყდება უკრაინაში, სადაც სასტიკი ომი უნდა დასრულდეს აგრესორის და აგრესიის დამარცხებით და სუვერენიტეტის აღდგენით.
ჩვენ განვიხილეთ დღევანდელი სიტუაცია თავის ჰუმანიტარული ასპექტებით და შევთანხმდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის სოლიდარობა ამ ქვეყნის და მისი მოსახლეობის მიმართ. ისლანდია, როგორც NATO-ს დამფუძნებელი სახელმწიფო და საქართველო, რომლის კონსტიტუციით გამყარებული მიზანია NATO-ში ინტეგრაცია, ევროპის კონტინენტზე მშვიდობის, სტაბილურობის და თავისუფლების განმტკიცების შესახებ ერთიან სულისკვეთებას იზიარებენ.
ერთად განვიხილეთ, ამ მხრივ, შავი ზღვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდილი როლი ალიანსის სტრატეგიაში და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მომავალი ვაშინგტონის სამიტი, რომ ეს საკითხები კიდევ უფრო აქტუალური გახდეს.
ვრცლად განვიხილეთ ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების უმძიმესი მდგომარეობა და დღევანდელი სტრატეგიული გამოწვევა: ახალი ნაბიჯები, ახალი სამხედრო ბაზა ოჩამჩირეში, რასაც რუსეთი აცხადებს როგორც პროექტს და აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემა წარმოადგენს ახალ აგრესიულ ნაბიჯებს საქართველოს მიმართ და დესტაბილიზაციის ნაბიჯებს შავი ზღვის მიმართულებით. დასაფასებელია, რომ პრეზიდენტმა იოანესმა გამოთქვა სურვილი, მოინახულოს საოკუპაციო ხაზი და ადგილზე გაეცნოს რუსული ოკუპაციის მძიმე სახეს და შედეგებს,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.