პისტორიუსი: გერმანიის ოფიცრების საუბრის მოსმენა დაუცველი არხის გამოყენების გამო გახდა შესაძლებელი

აუდიოკონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომლის დროსაც რაკეტა Taurus-ის ტექნიკური შესაძლებლობები განიხილებოდა, ღია საკომუნიკაციო არხი გამოიყენა. ამის შესახებ დღეს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა.


გერმანიის სამხედრო კონტრდაზვერვის გამოძიებამ დაადგინა, რომ მოსმენა შესაძლებელი გახდა საუბრის ერთ-ერთი მონაწილის მიერ ტექნიკური აღჭურვილობის „გამოყენებაში შეცდომის“ გამო. სინგაპურში მყოფმა ოფიცერმა Webex-ზე საუბრისას გამოიყენა არხი, რომელიც არ იყო კოდირებული.


„ამის გამო მოხდა მონაცემთა გაჟონვა,“ - განაცხადა პისტორიუსმა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა უკვე შესაძლებელია იმის გამორიცხვა, რომ საუბარში რუსეთის ჯაშუში იყო „ჩანერგილი“. პისტორიუსმა ასევე აღნიშნა, რომ „ძირითადად ყველა გერმანული საკომუნიკაციო სისტემა საიმედოა.“

აუდიოკონფერენციის მონაწილეების მიმართ დაიწყო დისციპლინური გამოძიება. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის „ნორმალური პროცესი“. მისი დასრულების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება შესაძლო სასჯელებზე.