ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ავიაციის მეთაურის სერგეი კობილაშისა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის ვიქტორ სოკოლოვის დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა.
„არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ორ ეჭვმიტანილს პასუხისმგებლობა ეკისრება მათ დაქვემდებარებაში მყოფი ძალების მიერ უკრაინის ელექტრო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე, სულ მცირე, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე,“ წერს ICC განცხადებაში.
სასამართლოს ცნობის თანახმად, კობილაში და სოკოლოვი ეჭვმიტანილნი არიან სამხედრო დანაშაულების ჩადენაში, რომლებიც მდგომარეობდა სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებში, სამოქალაქო პირებისთვის ან სამოქალაქო ობიექტებისთვის მიზანმიმართულად ზიანის მიყენებაში, ასევე, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებში.
გასული წლის თებერვალში ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.