იმედგამაცრუებელია, როდესაც კრიმინალებს ევროპის ამა თუ იმ დაწესებულების კორიდორებში იღებენ ხოლმე. ჩვენ ცოტა ხნის წინაც ვნახეთ, რომ ზურაბ ადეიშვილი იმყოფებოდა სტრასბურგში თუ ბრიუსელში, ჰქონდა შეხვედრები, რამდენიმე თვის წინ. ესეც, რა თქმა უნდა, ძალიან გულდასაწყვეტია,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი ფაქტები ხელს უწყობს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ქართულ საზოგადოებაში.
„როდესაც ვხედავთ ადამიანს, რომელიც მსჯავრდებულია უკვე ოთხ საქმეზე, სამ საქმეზე მიდის პროცესი, მათ შორის, ადამიანი მსჯავრდებული არის, რომ ოპოზიციონერი კობა დავითაშვილი აცემინა, სიკვდილამდე მიიყვანა და სასწაულებრივად გადაურჩა მაშინ ის სიკვდილს, თუმცა ამ ცემის გამო მას ჯანმრთელობა იმდენად შეერყა, რომ მძიმე გართულებები გამოიწვია.
როცა ასეთ ადამიანს იღებენ სხვადასხვა დაწესებულებაში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება გერმანიის პარლამენტს, იქ სტუმრების ლოჟაშია უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად, ეს იმედგამაცრუებელია და ზუსტად ასეთი ფაქტები ხელს უწყობს ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ქართულ საზოგადოებაში.
როცა ქართველი ხედავს, რომ ადამიანი, რომელმაც შექმნა წამების სისტემა ციხეებში, შექმნა ბიზნესის რეკეტის სისტემა, არის სიმბოლო ძალადობის, ეს ადამიანი გერმანიის პარლამენტში არის მისაღები სტუმარი, ეს არის სამწუხარო და, იმედია, ამაზე განმარტებები იქნება. არ ვიცი, ტურისტული მიზნებით იყო თუ ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა, იმედია, განმარტებებს მოვისმენთ, რატომ ხდება ეს ყველაფერი. ეს აჩვენებს, რომ, სამწუხაროდ, არ არის სერიოზული დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და მისი წუხილების მიმართ,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ბუნდესტაგის სტუმართა ლოჟაში ზურაბ ადეიშვილის ამსახველი ფოტოები, რომელიც ქართულმა მედიამ დღეს, გაავრცელა, 22 თებერვლის სხდომას ასახავს. ადეიშვილი, რომელიც უკრაინის პროკურატურაში მრჩევლად მუშაობს, უკრაინის პროკურორთან და გერმანიაში უკრაინის ელჩთან ერთად დაესწრო საპარლამენტო მოსმენას, სადაც გერმანელი კანონმდებლები უკრაინისთვის შორი დისტანციის Taurus-ის რაკეტების გაგზავნას განიხილავდნენ. ზურაბ ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი და ასევე მისჯილი აქვს პატიმრობა, მათ შორის, ციხის კადრების საქმეზე. ზურაბ ადეიშვილს, რომელმაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, 2021 წელს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.