სომხეთმა რუსი მესაზღვრეების მიერ ერევნის აეროპორტის დატოვება ოფიციალურად მოითხოვა. ერევანმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა რუსეთს ზვარტნოცის აეროპორტში რუსი მესაზღვრეების ყოფნის შესახებ, განუცხადა ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გრიგორიანის თქმით, ხელისუფლების პოზიციაა, რომ აეროპორტში სომხეთის სასაზღვრო ჯარებმა უნდა იმსახურონ. მისივე განმარტებით, სომხეთს შეუძლია ამის გაკეთება.
ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანის შესაძლებლობას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი მანამდე გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.