საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში ვერასდროს იარსებებს პრორუსული მთავრობა. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოსახლეობა ამას არ დაუშვებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ცნობილია, ამჟამინდელი პრემიერი როგორც ამკობდა დასავლეთის წარმომადგენლებს, თუმცა ის პირველი ვიზიტით ბრიუსელში ჩავიდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში არავინ გაპატიებს პრორუსულობას. მას ჟურნალისტმა პრესკონფერენციაზე დაუსვა შეკითხვა, ხედავს თუ არა იმის ნიშნებს, რომ მთავრობა პრორუსულია.
„ნათლად უნდა გავიგოთ - კოალიციური მთავრობა არ ნიშნავს, რომ ის, ვინც მანამდე სათავეში იყო, განადგურდება და თამაშიდან საერთოდ წავა. კოალიციური მთავრობა შეიძლება ნიშნავდეს იმასაც, რომ იგივე „ქართული ოცნება“ რაღაც როლს ითამაშებს. დღეს, საარჩევნო პირობებში, კოალიციური მთავრობის გაერთიანება ძალიან მარტივია იმიტომ, რომ ვიცით საერთო რა არის - ევროკავშირთან მოლაპარაკება.
აბა, ვინმემ თქვას, რომ არ უნდა ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნას. მე მგონი, ვერავინ ამას ვერ გაბედავს. ვინც ევროკავშირის თემაზე თანხმდება, ყველასთვის მარტივია, რომ კოალიციურ მთავრობას შეუერთდეს. ამ მთავრობის დანიშნულება ძალიან მკაფიო იქნება. შეიძლება ეს ცხრავე რეკომენდაციის შესრულება არ იყოს, მაგრამ უნდა შევასრულოთ ის, რაც ქვეყნისთვის არის საჭირო.
არა მგონია, აუცილებელი იყოს ჩემს მთავრობაში ყოფნა. მე ვარ იქ სადაც ვარ, მგონი ძალიან მნიშვნელოვანი როლი მაქვს. რაც უფორმო ხშირად ამბობენ, რომ არანაირი როლი არ მაქვს, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ალბათ აქვს. ამ პერიოდში მით უმეტეს. ეს არის მცდელობა, რომ ყველა მხარეს შორის რაღაცნაირი ერთობა იყოს და ვნახოთ, სად არის ის საერთო წერტილები, რომლებზეც შეიძლება აშენდეს ჩვენი მომავალი ნაბიჯი ევროპისკენ,“ - უპასუხა მან ჟურნალისტის შეკითხვას, ხედავს თუ არა საკუთარ თავს კოალიციურ მთავრობაში.
მას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით მთავრობის სტრატეგიაზეც ჰკითხეს. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ახალი სტრატეგია დიდი ხნის წინ უნდა შემუშავებულიყო.
კითხვას, არის თუ არა რუსეთის ინტერესი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მეოთხედ დარჩენა, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ამაზე ფიქრი არ უნდა იყოს საქართველოს ინტერესი.
„ჩვენ არ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე რა არის რუსეთის ინტერესი, ბოლომდე არასდროს გვეცოდინება რა არის მისი ინტერესი, უნდა ვფიქრობდეთ რა არის საქართველოს ინტერესი. მე მჯერა, რომ დღეს დადგა დრო რომ საქართველოს ინტერესშია კოალიციური მთავრობა, მრავალ პარტიული წყობის შემოტანა. ეს არის საქართველოს ინტერესი. რუსეთის ინტერსზე რუსებმა იფიქრონ,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.
„საქართველოს მოქალაქეები და საზოგადოება არ დაუშვებენ პრორუსულ მთავრობას - მმართველ პარტიას, თუ ის იქნება გამოკვეთილად პრორუსული. ამიტომ ვერ ბედავს ვერავინ. თუ შეამჩნიეთ, ჩვენი ახალი პრემიერი, რომელიც გამორჩეული იყო იმით, რომ არ ტოვებდა დასავლეთის წარმომადგენლებს და ისეთი სიტყვებით ამკობდა მათ, მაგრამ ჩავიდა სად? ბრიუსელში. ვის იღებს პირველ რიგში? ევროკავშირის ელჩებს. დაავიწყდა რომ პეკინში იყო მისი ბოლო მოგზაურობა როგორც პარტიის თავმჯდომარის. ეს არის ის ნიშნები, რომლებიც საინტერესოა,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვას, ხედავს თუ არა „ქართული ოცნების“ და რუსეთის ინტერსების თანხვედრას, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ „არის, რაღაც ნიშნები“.
„არის რაღაც ნიშნები. რაც არ უნდა თქვან ამათმა (ქართული ოცნება), რომ მე ვაბეზღებ საქართველოს და "ოცნებას", ყველგან ვიცავ ერთ პრინციპს, რომ საქართველოში ვერ იქნება პრორუსული მთავრობა. როგორც ეს კი გადააჭარბებს რაღაც ნიშნებს და გაჩნდება პრორუსულობის ნიშნები ის მთავრობა, ის ძალა ვერ იარსებებს საქართველოში. საქართველოს მოსახლეობის ნება არსებობს, რომ არასდროს დაბრუნდეს რუსეთის წიაღში,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა არჩევნებზე საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანი შეიძლება, იყოს დესტაბილიზაციის და პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება.
„არჩევნებში რუსეთის ჩარევა ხდება ბევრ ქვეყანაში, ძალიან ძლიერ ქვეყნებში, ვნახეთ ამერიკის არჩევნებში, ალბათ, ამჯერადაც იქნება რუსეთის ჩარევა ამერიკის არჩევნებში, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამერიკაში რომელიმე ძალა აუცილებლად პრორუსულია ან რუსეთისთვის კომფორტული.
შეიძლება, რაღაც იმედი ჰქონდეს ერთი მხარის, ვიდრე მეორის. ჩვენთანაც ასე არის, მათ იმედებზე უფრო არის დაყრდნობილი. აქ მთავარი არის ის, რომ რუსეთის ჩარევა ნიშნავს, რაღაც ჯგუფების დაფინანსებას, უკვე ვხედავთ, რომ ვიღაცები მიდი-მოდიან რუსეთში და ალბათ, იქ იღებენ დაფინანსებას. მარგინალური ჯგუფების გაძლიერებას, რუსული პირდაპირი პროპაგანდა და ამ პროპაგანდის თემები - შეიძლება მათი მიზანი იყოს დესტაბილიზაციის და პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება, რომელიც ქვეყანაში არსებობს.
ჩვენ წინასწარ არ გვეცოდინება, რას ემსახურება რუსული ჩარევა არჩევნებში, მაგრამ ვიცით , რომ კიბერშეტევები იქნება, იყო უკვე ჩვენთან სხვადასხვა მედია საშუალებებზე გატარებული კიბერშეტევები. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ამ ყველაფრისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გვეშინოდეს და ვთვლიდეთ, რომ ისეთი საფრთხეებია, რომელსაც ვერ დავძლევთ.
მართალია, რომ რუსეთს აქვს გამოცდილება, კარგად იცის ქართული ხასიათი, წლების მანძილზე გამოსცდა ეს, ამავე დროს ჩვენ არანაკლები გამოცდილება გვაქვს, 70-წელზე მეტი, თუ რა შეუძლია რუსეთს და რა ფორმით შემოდის ჩვენთან. ამიტომ ვიტყოდი, რომ საქართველოს მოსახლეობა ბევრად უფრო მომზადებულია და ნაკლებად მიამიტი, ვიდრე ბევრი დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობა. ამიტომ ამ შემთხვევაში ვარ ოპტიმისტი. ვთვლი, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყველაფერზე ვისაუბროთ,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.