„ზოგიერთი წრეებიდან არის სურვილი, რომ მომნათლონ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ათეისტად, (არიან, რედ.) ადამიანები, რომლებიც პატრიარქთან დადიან სურათებისთვის, ზიარებაზე დადიან სურათებისთვის,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრეზიდენტმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას საპატრიარქოსთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „იმედი აქვს, რომ საქართველოს ეკლესია შეძლებს აირჩიოს პროქართული, პროევროპული და არა პრორუსული პატრიარქი.“
სალომე ზურაბიშვილის თქმით, არის მისი დისკრედიტაციის მუდმივი მცდელობა. მისივე შეფასებით, თუ პრეზიდენტს „არანაირი როლი“ არ აქვს, რა საჭიროა ასეთი დისკრედიტაცია.
„ზოგიერთი წრეებიდან არის სურვილი, რომ მე მომნათლონ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი , ათეისტად. ის ადამიანები, რომლებიც პატრიარქთან დადიან სურათებისთვის, ზიარებაზე დადიან სურათებისთვის და ამ ყველაფერს იყენებენ პიარისთვის, რაც ადრე არ იყო მათ მრწამსში და ქცევაში.
მე არ შევცლილვარ, მე სულ მჯეროდა და დღესაც მჯერა. მე ეს ვთქვი იმ კითხვაზე პასუხად - არის თუ არა ქართული ეკლესია პრორუსული და პასუხი იყო, რომ მე მჯერა და ვიმედოვნებ, რომ იქნება როგორც იყო ქართული ეკლესია - პროდასავლური, პროევროპული, იმიტომ რომ ქართულმა ეკლესიამ შეინარჩუნა კი არა დროში დაასწრო სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მშენებლობაში. ეს მე არ მესწავლება და მე არაფერი მაქვს ასახსნელი.
უნდა დასრულდეს ინტერპრეტაციები, როდესაც ხალხს უტრიალებენ, ვითომ შეურაცხყოფას, რომ როგორ შეიძლება, ასეთი რამე თქვა, არაფერი არ მითქვამს. მაგრამ მე არ შემიძლია, გავჩუმდე იმაზე, რომ არის მცდელობა მუდმივი დისკრედიტაციის, ყველა კუთხით. ამავე დროს სულ მიდის საუბარი, რომ პრეზიდენტი არაფერი არა არის, არ აქვს არანაირი როლი, არაფერს არ ამბობს პარლამენტში გამოსვლის დროს, თუ ასეა, რა საჭიროა ასეთი დისკრედიტაცია მუდმივად? ყოველდღიურად ისმის ჩემი სახელი სხვადასხვა ბრალდებით. მე ვარ ის, რაც ვიყავი და რაც ვიქნები მუდამ, არაფერი შეცვლილა,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.