ომის შედეგად დანგრეული უკრაინული ქალაქების აღდგენას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და გერმანიის მარშალის ფონდი ახალი ინიციატივა Ukraine Cities Partnership (უკრაინის ქალაქების პარტნიორობა) შეუწყობს ხელს.
UCP აქტიურად მიიღებს მონაწილეობას და ითანამშრომლებს უკრაინის მთავრობასთან, ევროკავშირთან, მრავალმხრივი განვითარების ბანკებთან და ორმხრივ დონორებთან. მისი მიზანია, დაეხმაროს მიმღებ ქალაქებს მათი რეკონსტრუქციისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფაში.
ახალი ინიციატივის ამოცანაა, სახელმწიფო და კერძო სექტორების პარტნიორობით, უკრაინელებს დაეხმარონ ქალაქების ხელახალ პროექტირებასა და ინკლუზიურ და მდგრად მშენებლობაში.
სახელმწიფო დეპარტამენტი და მარშალის ფონდი პროცესში ჩართავენ ექსპერტებს, ფინანსურ პარტნიორებს, ბიზნესს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებსა და ფონდებს. ძალისხმევა კოორდინირებული იქნება უკრაინის მთავრობასა და ევროკავშირთან.
პირველ ეტაპზე სამი ქალაქის აღდგენის სამწლიანი ინიციატივა ოფიციალურად 2024 წლის ივნისიდან ამოქმედდება ბერლინში დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელიც უკრაინის აღდგენის საკითხებს მიეძღვნება. სავარაუდოდ, ამ კონფერენციაზე გამოცხადდება კონკრეტული სამი ქალაქიც.
ევროკომისიის, მსოფლიო ბანკისა და გაეროს ექსპერტთა შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომით უკვე გამოწვეული ნგრევის მასშტაბის გათვალისწინებით, უკრაინის აღსადგენად უახლოესი 10 წლის განმავლობაში 486 მილიარდი აშშ დოლარი იქნება საჭირო. რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.