რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, აშშ-ის სანქციების საპასუხოდ, რუსეთი მალე ,,შავ სიას" გამოაქვეყნებს. ინფორმაციას სააგენტო Tass-ი ავრცელებს.
,,იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მოქმედებენ ისინი [ამერიკელები], მათ შორის ის ფაქტიც, რომ ერთდროულად გამოაქვეყნეს ყველა სია, ვფიქრობ, რომ მათ მალე გავახალისებთ ”, - განაცხადა ზახაროვამ, რითაც უპასუხა შეკითხვას, თუ როდის უპასუხებს რუსეთი მის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ ალექსეი ნავალნის საქმის გამო დაწესებულ სანქციებს.
ზახაროვას თქმით, მოსკოვი თავს იკავებდა საჯაროდ საზოგადოების ყურადღების მიპყრობისგან.
,,სინამდვილეში, ჩვენ ამ სიას არასდროს გამოვაქვეყნებდით საჯაროდ. ჩვენ შევადგენდით შავ სიებს, მათი შავი სიების საპასუხოდ, ან ვაცნობებდით მათ. ისინი ხვდებიან, რომ მათი ჩინოვნიკები შავ სიაში მოხვდებიან”, - განმარტა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, აშშ-მა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით რუს მაღალჩინოსნებსა და კომპანიებს სანქციები დაუწესა. შტატებმა 7 რუსი კერძო პირისა და 14 დაწესებულების წინააღმდეგ გამოსცა სანქციები.
ასევე, სანქციები დაუწესეს იმ 13 კომპანიას და ერთ საწარმოს, რომლებიც ოფიციალური ვაშინგტონის თქმით, ჩართულნი არიან ბიოლოგიური და ქიმიური აგენტების წარმოებაში.