საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, რომ ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი გერტ იან კოპმანი გასულ სამშაბათს უკრაინის გენერალურ პროკურორს შეხვდა, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა.
გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ გერტ იან კოპმანს რეგულარული შეხვედრები აქვს დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან უკრაინის ჩათვლით, უკრაინის გენერალურ პროკურორთან შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა კი, მათივე განმარტებით, დეზინფორმაციაა.
„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, რომ გენერალური დირექტორის მოადგილეს, გერტ იან კოპმანს, ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატიდან, რეგულარული შეხვედრები აქვს დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, რასაკვირველია, უკრაინის ჩათვლით.
გასულ სამშაბათს, ის შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა.
ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა (ხოლო სწორი ინფორმაციის მოპოვება მარტივადაა შესაძლებელი ევროკავშირის გვერდებზე სოციალურ ქსელში).
ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირველი ნაბიჯია იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ უნდა გადაიდგას,” - აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრებში ადეიშვილის მონაწილეობის საკითხს 7 მარტს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი განმარტებას გააკეთებდა.
ბრიუსელში ზურაბ ადეიშვილი ასევე მონაწილეობდა უკრაინის გენერალურ პროკურორსა და ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ვერა იუროვას შორის გამართულ შეხვედრაში.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის და ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნას გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის საელჩო. მათ რადიო თავისუფლების მიმართვის შემდეგ წერილობით განაცხადეს, რომ ადეიშვილი ბუნდესტაგში იმყოფებოდა, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. საელჩოს განცხადებით, ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობებს.
„ბატონი ადეიშვილი 22 თებერვალს დებატების დროს იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა. ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისადმი დამოკიდებულებას. ყველასთვის ცნობილია, რომ ურთიერთობები გერმანიასა და საქართველოს შორის ძალიან კარგია," - ვკითხულობთ გერმანიის საელჩოსგან მიღებულ წერილობით განმარტებაში.
გერმანიაში გამართული შეხვედრების ამსახველი ფოტოები, რომლებზეც ზურაბ ადეიშვილი ჩანს, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა. აღწერაში ნათქვამია, რომ ანდრი კოსტინმა ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილა გერმანიაში ამჟამად მცხოვრებ რუსეთთან ომის დანაშაულების მსხვერპლებთან და მოწმეებთან მუშაობის კოორდინაციის საკითხი და მათთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.