თურქეთს რუსეთის მონაწილეობით სამშვიდობო სამიტის მასპინძლობა სურს, რასაც ზელენსკი შეუძლებლად მიიჩნევს

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა და პარტნიორები მშვიდობის საინაუგურაციო სამიტზე რუსეთის წარმომადგენლების დასწრების შესაძლებლობას არ განიხილავენ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტამბოლში თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბევრი ისაუბრეს მშვიდობის ფორმულაზე.

„მადლობელი ვარ ბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის. ბატონ პრეზიდენტს ლიდერების დონეზე მშვიდობის სამიტის მომზადების შესახებ შევატყობინე, რომელიც შვეიცარიაში ორგანიზდება - მშვიდობის საინაუგურაციო სამიტი… რაც შეეხება თავად საინაუგურაციო სამიტის ფორმატს: ამ სამიტზე რუსეთის წარმომადგენლებს ვერ ვხედავთ. ვერ ვხედავთ, როგორ შეიძლება იმ ხალხის დაპატიჟება, რომლებიც ყველაფერს ბლოკავენ, ანადგურებენ და კლავენ. შედეგის მიღება გვსურს. სამართლიანი მშვიდობის შედეგის და სამართლიანის სწორედ უკრაინისთვის,“ - განაცხადა ზელენსკიმ.


მანვე აღნიშნა, რომ „თავდაპირველად მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნები დეტალურ გეგმას შეიმუშავებენ და შედეგი ექნებათ [მშვიდობის პირველი სამიტის შედეგად]“.

„მხოლოდ მერე ჩართავენ რუსეთის წარმომადგენლებს - სწორედ მათ, ვინც მზად იქნება სამართლიანი მშვიდობისთვის,” - განაცხადა ზელენსკიმ.

იმავე პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის მშვიდობის სამიტს უმასპინძლოს რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით. მისი თქმით, „უკრაინასა და რუსეთს შორის ომი უნდა დასრულდეს სამშვიდობო მოლაპარაკებით.


„სულ დასაწყისიდან წვლილი შეგვაქვს მოლაპარაკებების საფუძველზე ომის დასრულებაში. მზად ვართ, ვუმასპინძლოთ სამშვიდობო სამიტს, რომელში ჩართული რუსეთიც იქნება,“ - განაცხადა ერდოღანმა. „მხარს ვუჭერთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - უკრაინის - ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას,“ აღნიშნა ერდოღანმა.

სამწუხაროდ, ომი მზარდ ნეგატიურ გავლენას ახდენს რეგიონული და გლობალური კუთხით და პირველ რიგში, უკრაინაზე. არ გადადგმულა დიპლომატიური ნაბიჯები მოლაპარაკებების მაგიდის გამოყენებაზე, რომელიც 2022 წლის მარტში სტამბოლში შევქმენით მშვიდობის დასამყარებლად… მომავალში ჩვენ, ერთი მხრივ, სოლიდარულები ვიქნებით უკრაინასთან, მეორე მხრივ - გავაგრძელებთ მოლაპარაკებების საფუძველზე სამართლიანი მშვიდობით ომის დასრულებაზე ჩვენს მუშაობას,“ - განაცხადა ერდოღანმა.


უკრაინის ფორმულა გულისხმობს უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის მთლიანად გაყვანას, პოსტსაბჭოთა, 1991 წლის საზღვრების აღდგენას და რუსეთზე მისი მოქმედებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

NATO-ს წევრი თურქეთი ორივე თავის მეზობელთან შავ ზღვაში, ომის მონაწილე მხარეებთან, კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს. ის გაეროსთან ერთად გამოვიდა ინიციატივით, შუამავლობა გაეწია თავისი ნავსადგურებიდან უკრაინული წარმოების ხორბლის გატანაში. ამ ინიციტივიდან რუსეთი ცალმხრივად გავიდა. როგორც ერდოღანმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მოლაპარალებების დროს ასევე განიხილეს შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოება და ხორბლის ტრანსპორტირება.