NBC News: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და „რესპუბლიკელები“ უკრაინის დახმარების საკუთარ პაკეტს ამზადებენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და „რესპუბლიკელები“ უკრაინის დახმარების საკუთარ პაკეტს ამზადებენ.

შესაბამის ინფორმაციას NBC News-ი სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინის დახმარების პაკეტის შემუშავების გეგმები ადრეულ ეტაპზეა, თუმცა იმ „რესპუბლიკელებს“, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, სურთ, რომ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყონ, როგორც კი კონგრესი 22 მარტს აშშ-ის მთავრობის დაფინანსების პაკეტს დაამტკიცებს,“ წერს გამოცემა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი და წარმომადგენელთა პალატის მთავარი კომიტეტების „რესპუბლიკელი“ ხელმძღვანელები უკრაინისთვის არასამხედრო დახმარების სესხის სახით გადაცემას განიხილავენ.


დემოკრატები და რესპუბლიკელები დღემდე ვერ თანხმდებიან რამდენად მკაცრი და ზუსტად როგორი უნდა იყოს საზღვრის დაცვის პოლიტიკა და უკანონო იმიგრაციასთან გამკლავების გზები. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც არ თანხმდებიან რესპუბლიკელები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას. რესპუბლიკელების ნაწილს სურს, რომ საზღვრის კვეთისა და საიმიგრაციო საკითხები მათი პრიორიტეტების მიხედვით გადაწყდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდებიან უკრაინისთვის დახმარების გადაცემას.

ბაიდენმა 7 მარტს კონგრესისადმი მიმართვისას კიდევ ერთხელ ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია მის მიერ წარდგენილი პაკეტის დამტკიცება უკრაინის დასახმარებლად.