ბაიდენის მიმართვა - მთავარი აქცენტები აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლიდან

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ყოველწლიური ერისადმი მიმართვით ამერიკის საკნონმდებლო ორგანოში, კონგრესში გამოვიდა. პრეზიდენტმა ერისადმი მიმართვაში ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომებზე გაამახვილა ყურადღება.


უკრაინა და იქ რუსეთის მიერ დაწყებული ომი პირველივე საკითხი იყო, რაზეც ჯო ბაიდენმა საუბარი დაიწყო. „თუ ვინმეს ჰგონია, რომ პუტინი უკრაინაზე გაჩერდება. მე გარწმუნებთ, რომ ასე არაა. თუმცა, უკრაინას შეუძლია პუტინის შეჩერება, თუ ჩვენ [ამერიკა] მის გვერდით ვიდგებით და მივაწოდებთ იარაღს. სულ ესაა რასაც უკრაინა ითხოვს.“

„ჩემი გზავნილი პრეზიდენტ პუტინისთვის, რომელსაც დიდი ხანია, ვიცნობ შემდეგია: ჩვენ უკან არ დავიხევთ, ჩვენ თავს არ დავხრით, მე თავს არ დავხრი. პირდაპირი მნიიშვნელობით: ისტორია გვიყურებს!“,- განაცხადა ბაიდენმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრის დროს.


ბაიდენმა უკრაინისთვის იარაღის გადაცემის აუცილებლობაზე ისაუბრა და მოუწოდა წარმომადგენელთა პალატას, რომ დაამტკიცოს უკრაინის დახმარების ორპარტიული კანონპროექტი და ხელმოსაწერად მას გადასცეს.

უკრაინაზე საუბრის დროს, ბაიდენმა თავისი წინამორბედი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა იმ გამოსვლის გამო, როდესაც ტრამპმა თქვა, რომ NATO-ს ზოგიერთ წევრ ქვეყანას არ დაიცავდა, თუ მას რუსეთი დაესხმებოდა თავს. „რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა რეიგანმა წარმოთქვა ცნობილი სიტყვები: „ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი.“ ჩემი წინამორბედი რესპუბლიკელი პრეზიდენტი კი ეუბნება პუტინს: „გააკეთე რა ჯანდაბაც გინდა“. ეს აღმაშფოთებელი, საშიში და მიუღებელია,“ - აღნიშნა ბაიდენმა.


ამერიკის პირველმა პირმა საკმაოდ დიდხანს ისაუბრა ისრაელ-„ჰამასის“ ომზე და ღაზის სექტორში არსებულ კრიზისულ სიტუაციაზე. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს „ჰამასთან“ ბრძოლის ყველანაირი უფლება აქვს, თუმცა ამასთან ერთად მას ორმაგი პასუხისმგებლობაც აკისრია:

„ისრაელს ორმაგი პასუხისმგებლობა აქვს, რადგან „ჰამასი“ უდანაშაულო მოქალაქეებში იმალება, როგორც მშიშარა. მაგრამ ისრაელი ვალდებულია უდანაშაულო ადამიანები დაიცვას“.

როგორც მოსალოდნელი იყო, ერისადმი მიმართვის დროს, ბაიდენმა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე კომენტარი გააკეთა: „შეუჩერებლად ვმუშაობდი, რათა ღაზაში დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტისთვის მიგვეღწია, რომელიც 6 კვირას გასტანს,“ - აღნიშნა ამერიკის პირველმა პირმა.


ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ღაზის სექტორში არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე საუბარს მან დიდი დრო დაუთმო.

„ისრაელის ხელმძღვანელობას ამას ვეუბნები: ჰუმანიტარული დახმარება არ შეიძლება იყოს მეორეხარისხოვანი, ან ვაჭრობის საკითხი. უდანაშაულო სიცოცხლის დაცვა და გადარჩენა პრიორიტეტი უნდა იყოს,“ - აღნიშნა ბაიდენმა.


გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მან ამერიკელ ჯარისკაცებს უბრძანა, დროებითი პორტის აშენება უზრუნველყონ ღაზის მისადგომებთან, საიდანაც მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემა იქნება შესაძლებელი. თუმცა, იქვე განმარტა, რომ ხმელეთზე არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ გადავა და ეს მხოლოდ ჰუმანიტარული მისიაა.

რაც შეეხება რეგიონის მომავალს, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის სამომავლო მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის ორი ქვეყნის გვერდიგვერდ ცხოვრება ერთადერთიპერსპექტივაა: „ერთადერთი სამომავლო გამოსავალი [ღაზა-ისრაელის შემთხვევაში] ორი ქვეყნის გამოსავალია და ამას ვამბობ მე, ისრაელის დიდი ხნის მხარდამჭერი და ერთადერთი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ისრაელში ომის დროს ჩავიდა.“


ქვეყნის გარეთ ომების გარდა, პრეზიდენტმა ბაიდენმა, საკმაოდ ვრცლად ისაუბრა აშშ-ის სამხრეთის საზღვრის დაცვის ცვლილებებზეც, რამაც რესპუბლიკელ კანონმდებლებში უკმაყოფილება გამოიწვია.

დემოკრატები და რესპუბლიკელები დღემდე ვერ თანხმდებიან რამდენად მკაცრი და ზუსტად როგორი უნდა იყოს საზღვრის დაცვის პოლიტიკა და უკანონო იმიგრაციასთან გამკლავების გზები. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც არ თანხმდებიან რესპუბლიკელები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას. რესპუბლიკელების ნაწილს სურს, რომ საზღვრის კვეთისა და საიმიგრაციო საკითხები მათი პრიორიტეტების მიხედვით გადაწყდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდებიან უკრაინისთვის დახმარების გადაცემას.


ერისადმი მიმართვის დროს ქვეყნის პრეზიდენტმა მნიშვნელოვან შიდაპოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა. მან საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ამერიკაში აბორტის უფლების თემას. ისაუბრა საყოველთაო დაზღვევის წარმატებასა და მედიკამენტების ღირებულების შემცირებაზეც.


ბაიდენმა თავისი გამოსვლა განათლების რეფორმაზე, საგადასახადო წესების ცვლილებებზე, უძრავი ქონების საფასურზე, კლიმატის ცვლილებაზე, იარაღის კონტროლის თემაზე საუბარსაც დაუთმო. მან ასევე ისაუბრა ამერიკელებისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა გადასახადები, ინფლაცია და კრიმინალი.

პრეზიდენტმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და მისი წინამორბედი რამდენჯერმე გააკრიტიკა, მათ შორის, ტრამპი კორონავირუსის პანდემიის დროს ადამიანებზე არასკმარის ზურნვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ყველაზე რთულ პერიოდში გადაიბარა, თუმცა ახლა სიტუაცია ამერიკაში ამ მიმართულებით უმჯობესდება.

წყარო - ამერიკის ხმა