ერევანი ევროკავშირში გაწევრიანების იდეას განიხილავს. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა შესაბამისი შეკითვის საპასუხოდ განაცხადა.
არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის მოსახლეობას ევროპული მისწრაფებები აქვს და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხიც განიხილება.
მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის მოსახლეობამ საზოგადოებრივი ცხოვრების მშენებლობის დემოკრატიული გზა აირჩია.
„ამ გზაზე ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი და შეერთებული შტატები აქტიურად უჭერენ მხარს ჩვენს დემოკრატიულ რეფორმებს და ინსტიტუციურ ცვლილებებს. და, ზოგადად, მნიშვნელოვანია მაქსიმალური დივერსიფიკაცია და პარტნიორებისა და მოკავშირეების წრის გაფართოება. ამრიგად, ეს არის გზა, რომლითაც ჩვენ მივდივართ, მნიშვნელოვნად ვაღრმავებთ ურთიერთობებს ევროკავშირთან და აშშ-სთან, ამასთანავე ვინარჩუნებთ ტრადიციულ კავშირებს.
თქვენ იცით, რომ ჩვენ ვაშენებთ თვისობრივად ახალ ურთიერთობებს ინდოეთთან და ა.შ. მე, რა თქმა უნდა, მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენს პრიორიტეტს - ნორმალიზებას და, პირველ რიგში, მეზობლებთან ურთიერთობების განვითარებას. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის მოკლე აღწერა,“ - განაცხადა მირზოიანმა ინტერვიუში, რომლის ტექსტიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.
კითხვას, ფიქრობს თუ არა სომხეთი ევროკავშირში ან NATO-ში გაწევრიანებაზე და შესაძლებელია თუ არა ეს უახლოეს მომავალში მოხდეს, არარატ მირზოიანმა უპასუხა: „ყველა გამოწვევის გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში, სომხეთში ახალი შესაძლებლობები აქტიურად განიხილება. საიდუმლოს არ გავამხელ, თუ ვიტყვი, რომ ამ სერიაში ევროკავშირის წევრობის იდეაც არის. სომხეთის მოსახლეობას აქვს ევროპული მისწრაფებები და, როგორც აღვნიშნე, ჩვენ გავდივართ პროცესს და ვნახოთ, როგორი დასრულდება ეს პროცესი, რასაც ვერავინ იწინასწარმეტყველებს.“
მირზოიანის თქმით, სომხეთს საფრანგეთთან და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები აქვს, ვაშინგტონთან ჩამოყალიბდა სტრატეგიული დიალოგი, რომლის ფარგლებშიც განიხილება ახალი მიმართულებები.
„იგივე შემიძლია, ვთქვა ევროკავშირზე. ჩვენ გვაქვს ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმება ევროკავშირთან, მაგრამ ჩვენ ვიყურებით ამ შეთანხმების მიღმა. ჩვენ განვიხილავთ ვიზალიბერალიზაციას და რამდენიმე ახალ მექანიზმს, რომელიც შეიძლება, გამოვიყენოთ ჩვენს ურთიერთობებში. პირველად ისტორიაში ევროკავშირი ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში ჩაერთო. როგორც იცით, სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დგას, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარს აკონტროლებს. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მისიის განთავსების შემდეგ, საზღვარზე დაძაბულობა შემცირდა და ვხედავთ, რომ მისიამ სიტუაციის დასტაბილურებას ხელი შეუწყო,“ - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა TRT World-თან ინტერვიუში.