რომი პაპი უკრაინის ომზე: ყველაზე ძლიერია ის, ვისაც „თეთრი დროშის“ გამბედაობა აქვს

რომის პაპი უკრაინისა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაზე საუბრობს. შვეიცარიის მაუწყებელ RSI-თან ინტერვიუში რომის პაპს ჰკითხეს, როგორია მისი პოზიცია მიმდინარე დებატებზე მათ შორის, ვინც ამტკიცებს, რომ უკრაინამ უნდა დათმოს, რადგან ვერ შეძლო რუსული ძალების მოგერიება, მეორე მხრივ, მათზე, ვინც ამტკიცებს, რომ უკრაინის ასეთი ქმედება რუსეთის ქმედებების ლეგიტიმაციას გამოიწვევს. ინტერვიუერმა კითხვაში გამოიყენა ტერმინი „თეთრი დროშა.“


„ეს ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა, მართალია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც უყურებს სიტუაციას, ფიქრობს ხალხზე, აქვს თეთრი დროშის გამბედაობა და აწარმოებს მოლაპარაკებებს. როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმეები კარგად არ მიდის, უნდა გქონდეს გამბედაობა მოლაპარაკებისთვის," - განაცხადა რომის პაპმა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს საერთაშორისო ძალების დახმარებით. მან ერთ-ერთ მომლაპარაკებელ ქვეყნად, რომელიც მსგავსი შეთავაზებით გამოვიდა, თურქეთი დაასახელა.


Reuters-ი წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რომის პაპმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას გამოიყენა ტერმინები - "თეთრი დროშა" და "დამარცხებული", თუმცა მოლაპარაკებების აუცილებლობაზე მას ადრეც უსაუბრია.


მოგვიანებით, მის ნათქვამზე კომენტარი გააკეთა ვატიკანის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მატეო ბრუნიმ.

„პაპს არ უგულისხმია, რომ უკრაინამ კაპიტულაცია უნდა გამოაცხადოს. მან მოლაპარაკებებისკენ მიუთითა ორივე მხარეს, რაც კაპიტულაციას არ ნიშნავს," აღნიშნა მატეო ბრუნიმ. მატეო ბრუნიმ ასევე განმარტა, რომ პაპმა გამოიყენა ინტერვიუერის მიერ წარმოთქმული ტერმინი - „თეთრი დროშა“ და გამოიყენა ის „საომარი მოქმედებების შეწყვეტის (და) მოლაპარაკებების გამბედაობით მიღწეული ზავის აღსანიშნავად.


პაპის ინტერვიუს ფრაგმენტის გამოქვეყნებისას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სწორედ თურქეთში, პრეზიდენტ ერდოანთან მართავდა შეხვედრებს. ამ შეხვედრის დასასრულს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, მიიღოს კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები და, რომ ის „მტკიცედ შეუწყობს ხელს ომის შემდგომ უკრაინის აღმშენებლობის მცდელობებს.“ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შესაძლებლად მიიჩნევს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის სრულად გაათავისუფლებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს.