იაპონია და აშშ უკრაინისთვის მეტი საბრძოლო მასალის მიწოდებისა და გაზრდის მიზნით, სამხედრო აღჭურვილობის საკითხზე თანამშრომლობას განიხილავენ. მოკავშირეები ცდილობენ, შეთანხმებას ვაშინგტონში, 10 აპრილს დაგეგმილი სამიტის დროს მიაღწიონ. როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდა და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეხვედრას გამართავენ. წერს Bloomberg-ი გაზეთ Yomiuri-ზე დაყრდნობით.
სამიტის მთავარი თემა იქნება იმ გზების მოძიება, რომლითაც იაპონიას შეუძლია, აშშ-ის შეიარაღების გაფართოებას დაეხმაროს.
Bloomberg-ის ცნობით, ტოკიო და ვაშინგტონი ასევე განიხილავენ შეთანხმების გაფართოებას, რომლის ფარგლებშიც იაპონური კომპანიები რეგულარულად განახორციელებენ აშშ-ის სამხედრო აღჭურვილობის მოვლა-პატრონობასა და შეკეთებას.
დემოკრატები და რესპუბლიკელები დღემდე ვერ თანხმდებიან რამდენად მკაცრი და ზუსტად როგორი უნდა იყოს საზღვრის დაცვის პოლიტიკა და უკანონო იმიგრაციასთან გამკლავების გზები. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც არ თანხმდებიან რესპუბლიკელები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას. რესპუბლიკელების ნაწილს სურს, რომ საზღვრის კვეთისა და საიმიგრაციო საკითხები მათი პრიორიტეტების მიხედვით გადაწყდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდებიან უკრაინისთვის დახმარების გადაცემას.
ბაიდენმა 7 მარტს კონგრესისადმი მიმართვისას კიდევ ერთხელ ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია მის მიერ წარდგენილი პაკეტის დამტკიცება უკრაინის დასახმარებლად.