საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის მეთაურის მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ქაჯაია იქნება, ხოლო ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.
პრემიერის გადაწყვეტილებით, შეიცვალა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსიც.
„მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ნიკოლოზ ტყემალაძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი განმარტებით, ზურაბ აბაშიძემ თავად მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე.
„მოგეხსენებათ, ის წლების განმავლობაში იყო პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის ემსახურებოდა ამ საქმეს. ძალიან დიდი წარმატებით, ძალიან სერიოზული მიღწევები გვქონდა ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით მისი ძალისხმევით, მისი მონაწილეობით, ჩართულობით და მას მინდა მადლობა გადავუხადო მრავალწლიანი სამსახურისთვის სახელმწიფოს წინაშე და მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ თანამდებობაზე.
ზურაბ აბაშიძე დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას. მადლობა მინდა ვუთხრა იმისთვის, რომ დათანხმდა ჩემს შემოთავაზებას ამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა კობახიძემ.
ზურაბ აბაშიძეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი 2012 წლის ბოლოდან ეკავა. ის "აბაშიძე- კარასინის" ფორმატში მოლაპარაკებებს მართავდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექციის ახალ ხელმძღვანელად მამუკა მერკვილაძე დაინიშნა.