პეტრ პაველი: 800 000 საარტილერიო ჭურვი უკრაინას უახლოეს კვირებში გადაეცემა

დაპირებული 800 000 საარტილერიო ჭურვი, რომელიც ჩეხეთმა ევროკავშირის გარეთ მოიძია, უახლოეს კვირებში გადაეცემა კიევს, - Bild-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.


ჩეხეთის ლიდერის თქმით, მიწოდების ამ ვადაში განხორციელება შესაძლებელია, თუ „ფუნდამენტური პრობლემები" არ იქნება.

ამასთან, პეტრ პაველი არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყნებს შეუძლიათ ასეთი რაოდენობის საბრძოლო მასალის მიწოდება.

ცნობისთვის, მანამდე, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეხეთის მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა უკრაინისთვის მისაწოდებელი საბრძოლო მასალის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მოძიებას. შედეგად, შესაძლებელი გახდა 155 მმ კალიბრის დაახლოებით 500 ათასი ჭურვის და 122 მმ კალიბრის 300 ათასი ჭურვის მოძიება. მიწოდების წყაროები უცნობია, ანალიტიკოსები სხვადასხვა ქვეყნებს ასახელებენ, დაწყებული სამხრეთ კორეიდან დამთავრებული აფრიკის ქვეყნებამდე.