უკრაინა ევროპაში იარაღის ყველაზე დიდი იმპორტიორი გახდა - SIPRI

ბოლო წლებში რუსეთის იარაღის ექსპორტი თითქმის განახევრდა და საფრანგეთმა მას გადაუსწრო იარაღის მიმწოდებლების რეიტინგში. ამავდროულად, უკრაინა ევროპაში იარაღის უმსხვილესი იმპორტიორი გახდა. ამას მოწმობს სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემები, რომლებსაც უკრაინული მედია ასაჯაროებს.

თავის წლიურ ანგარიშში SIPRI 2019-2023 და 2014-2018 წლებს ადარებს და დრამატულ ცვლილებაზე მიუთითებს.


კერძოდ, აშშ-ის იარაღის ექსპორტი 17%-ით გაიზარდა 2014-18 და 2019-23 წლებში, ხოლო მისი წილი შეიარაღების მთლიან გლობალურ ექსპორტში 34%-დან 42%-მდე გაიზარდა. 2019-დან 2023 წლამდე შეერთებულმა შტატებმა ძირითადი იარაღი 107 ქვეყანას მიაწოდა, მეტი ვიდრე ნებისმიერ წინა პერიოდში. 2019-2023 წლებში ევროპის ქვეყნების მიერ შემოტანილი იარაღის დაახლოებით 55% შეერთებულ შტატებზე მოდის, რაც 20%-ით მეტია 2014-2018 წლებთან შედარებით.


ექსპორტიორებს შორის მეორე ადგილი საფრანგეთმა დაიკავა და რუსეთი ჩაანაცვლა. მისი იარაღის ექსპორტი გაიზარდა 47%-ით, ხოლო მისი წილი გლობალურ მიწოდებაში 11%-მდე გაიზარდა (7.2% 2014-2018 წლებში). ფრანგული იარაღის ექსპორტის ზრდა დიდწილად განპირობებული იყო ინდოეთში, ყატარსა და ეგვიპტეში საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებით.


რუსეთმა იარაღის გლობალური მიმწოდებლების რეიტინგში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. 2019-2023 წლებში რუსეთიდან იარაღის ექსპორტი თითქმის (53%-ით) განახევრდა. რუსეთის წილი გლობალურ მარაგებში 10%-ით შემცირდა, რითაც საფრანგეთს გაუტოლდა.


ანგარიშის მიხედვით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსული სამხედრო ექსპორტის კლება სწრაფად მიმდინარეობდა. მაშინ, როცა 2019 წელს რუსეთი იარაღს 31 სახელმწიფოს აწვდიდა, 2023 წელს კი, ეს რიცხვი მხოლოდ 12-ს შეადგენდა. ამავდროულად, რუსეთის იარაღის ექსპორტის მხოლოდ ორი მესამედი სამ ქვეყანაში გადიოდა: ინდოეთი (34%), ჩინეთი (21%) და ეგვიპტე (7,5%).


„უკრაინა 2019–23 წლებში იარაღის უმსხვილესი ევროპული იმპორტიორი და მსოფლიოში მეოთხე ასეთი ქვეყანა გახდა, მას შემდეგ, რაც სულ მცირე 30-მა სახელმწიფომ 2022 წლის თებერვლიდან უკრაინას სამხედრო დახმარების სახით ძირითადი იარაღი მიაწოდა,“ - ნათქვამია მოხსენებაში. უკრაინის წილი გლობალური იარაღის იმპორტში 4,9% იყო, 2014-2018 წლებში 0,1%-თან შედარებით. ამასთან, სამხედრო იმპორტის მთლიანმა ზრდამ ამ პერიოდში რეკორდულ 6633%-ს მიაღწია. SIPRI-ის მონაცემებით, კიევისთვის იარაღის მთავარი მომწოდებლები იყვნენ შეერთებული შტატები (39%), გერმანია და პოლონეთი (14% და 13%, შესაბამისად). მანამდე SIPRI-მ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე, იარაღის შეკვეთების გაზრდის მიუხედავად, 2022 წელს იარაღის უმსხვილესი მწარმოებლების მთლიანი შემოსავალი წინა წელთან შედარებით შემცირდა.