რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის გრიგორი კარასინის შეფასებით, საქართველოსთან არაფორმალური დიალოგის განვითარება გიორგი ქაჯაიას პირობებშიც მოთხოვნადი იქნება.
კარასინი ამბობს, რომ ზურაბ აბაშიძესთან არაფორმალური დიალოგის დროს ბოლო 11 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა და დადებითი შედეგებიც მიღწეულია.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოვლენები კვლავაც მოთხოვნადი იქნება. რუსეთი დაინტერესებულია პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით,“ - განაცხადა კარასინმა.
მან 11 წლის განმავლობაში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგში მიღწეული შედეგები, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვის, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროები გამოყო.
ზურაბ აბაშიძეს გიორგი ქაჯაია ჩაანაცვლებს.
ქაჯაიას მრავალწლიანი დიპლომატიურ კარიერა აქვს. ბოლო წლებში იყო რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. გიორგი ქაჯაია ასევე მუშაობდა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მრჩევლად.
აბაშიძე, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა 12 წელი ეკავა, ამბობს, რომ პოსტის დატოვება თავად სურდა. მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს წინადადებით მიმართა, რომ მის შემცვლელზე ეფიქრათ.
აბაშიძის თქმთ, მის შემცვლელად თავიდანვე გიორგი ქაჯაია დასახელდა, რადგან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებს კარგად იცნობს.
„ლოგიკა ძალიან მარტივია – 2012 წლის შემდეგ გავიდა 12 წელი, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. მან [პრემიერმა] დადებითად მიიღო ჩემი წინადადება და, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, ვინ იქნება შემცვლელი.
იმთავითვე დასახელდა გიორგი ქაჯაიას კანდიდატურა, რომელიც ჩვენი სექციის ხელმძღვანელი გახლდათ მოსკოვში 4 წლის განმავლობაში, მაგრამ ის უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში. გიორგი დაბრუნდა, ამ წლის იანვარში დაუსრულდა მას იქ მუშაობის ვადა და ახლა ის ინიშნება ამ თანამდებობაზე. მე წლებია ვიცნობ გიორგი ქაჯაიას, ის მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიდი გამოცდილება აქვს, მუშაობდა უშიშროების საბჭოში… კარგად იცნობს ამ თემას, კვალიფიცირებული და სერიოზული ადამიანია. მე ვფიქრობ, ის შესაბამისად წარუძღვება ამ საქმიანობას,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ზურაბ აბაშიძეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი 2012 წლის ბოლოდან ეკავა. ის "აბაშიძე- კარასინის" ფორმატში მოლაპარაკებებს მართავდა.
ცნობისთვის, რუსეთში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექციის ახალ ხელმძღვანელად მამუკა მერკვილაძე დაინიშნა.