ალიევი თოყაევთან შეხვედრაზე: შუა დერეფანი თავის სრულ პოტენციალს ახლა წარმოაჩენს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს ყაზახ კოლეგას უმასპინძლა. საუბარი სხვა საკითხებთან ერთად შეეხო შუა დერეფანსაც. ალიევის შეფასებით, შუა დერეფანი თავის სრულ პოტენციალს ახლა წარმოაჩენს.

ამის შესახებ მან ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენც (აზერბაიჯანი და ყაზახეთი - რედ.) მეზობლები ვართ. მხოლოდ კასპიის ზღვა გვყოფს. მაგრამ ის (კასპიის ზღვა - რედ.) დღეს არ არის ბარიერი. პირიქით, კასპიის ზღვა არის ხიდი არამხოლოდ ჩვენს ქვეყნებს შორის, არამედ, ბევრ სხვა სახელმწიფოს შორის, რადგან ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი ახლა წარმოაჩენს თავის სრულ პოტენციალს,“ - აღნიშნა ალიევმა.


დღესვე, ყაზახეთის ელჩმა აზერბაიჯანში ალიმ ბაილმა ყაზახეთ-აზერბაიჯანის ბიზნეს საბჭოს მე-2 შეხვედრის დროს განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და ყაზახეთი მსხვილ რეგიონულ პროექტებს ახორციელებენ.

მისივე თქმით, ეს მოიცავს შუა დერეფნის განვითარების პროექტებს, კასპიის ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის გაყვანას და ა.შ.

„გასულ წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ 530 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ბოლო წლების რეკორდული მაჩვენებელია,“ - განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ არსებობს სავაჭრო ბრუნვის შემდგომი გაფართოების პოტენციალი.

ბაიელმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ბიზნესსაბჭოს საქმიანობის გაფართოება, როგორც მსხვილი, ისე საშუალო ბიზნესის მოზიდვა.