ბოლო ორი წლის გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის) მნიშვნელობა მკვეთრად გაზარდა. პირველ რიგში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და გასული წლის ბოლოდან ჰუსიტების თავდასხმა წითელ ზღვაში, გავლენას ახდენს გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე. სატრანსპორტო დერეფნები აზიიდან, ძირითადად ჩინეთიდან ევროპისაკენ, და ევროპელების მიერ მოხმარებული პროდუქტების მიწოდების ჯაჭვები შეფერხებულია, რამაც საბოლოოდ ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა.
ამ თემას აზერბაიჯანული მედია სტატიას უძღვნის და ანტალიის ფორუმზე გაკეთებული განცხადებები მოჰყავს. კერძოდ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჰიკმატ ჰაჯიევმა ფორუმზე გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ კავკასიის ტერიტორიის გავლით ჩინეთსა და ევროკავშირს შორის წლიური სავაჭრო ბრუნვა 700 მილიარდ დოლარს აღემატება.
„ამჟამად ჩრდილოეთ დერეფანი პრაქტიკულად პარალიზებულია ცნობილი მიზეზების გამო, რაც ზრდის კავკასიის რეგიონის მნიშვნელობას, რომელიც არის ცენტრი ამ ორ სავაჭრო პარტნიორს შორის.
„ამრიგად, სამხრეთ კავკასიას და შუა დერეფანს შეუძლია, უზრუნველყოს ფართო სტრატეგიული კავშირი, რაც აზერბაიჯანული მხარის განზრახვაა. ჩვენ ვხედავთ დამატებით აქცენტს რეგიონის პოტენციალზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ტვირთების გადაზიდვა ჩინეთიდან ევროპაში,“ - განაცხადა ჰაჯიევმა.
„ახლახან ბალკანეთისა და შავი ზღვის ფორუმის ფარგლებში, როგორც ჩინეთმა, ასევე ევროკავშირმა გამოხატეს საერთო ინტერესი შუა დერეფნის განვითარების მიმართ - გეოპოლიტიკური პრობლემების გადასაჭრელად და მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. ევროპულმა და საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გამოყონ 10 მილიარდი ევრო ცენტრალური აზიის რეგიონში სატრანსპორტო კავშირების, პირველ რიგში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის,“ ვკითხულობთ სტატიაში.
როგორც ცნობილია, წითელ ზღვაში გემებზე ჰუსიტების თავდასხმების დაწყებიდან, სუეცის არხის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 55%-ით შემცირდა. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) შეფასებით, სუეცის არხმა ტვირთის დაახლოებით ორი მესამედი წითელ ზღვაში დაძაბულობის გამო დაკარგა და ეს ტვირთი ახლა სამხრეთ აფრიკაში გადის. რიგმა გადამზიდავმა კომპანიებმა გადაწყვიტეს, მთლიანად შეაჩერონ ტრანსპორტირება წითელი ზღვის გავლით.
ამ ფონზე, გადამზიდავები გრძელ შემოვლით მარშრუტს ირჩევენ კეთილი იმედის კონცხის გავლით (აფრიკის სამხრეთით მდებარე კონცხი; მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კაპის ნახევარკუნძულზე, კეიპტაუნის სამხრეთით, რედ.), იმავდროულად, ევროკავშირში, ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ შუა დერეფანს, რომელიც გადის ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ტერიტორიაზე - იგი განიხილება როგორც ოპტიმალური ვარიანტი თურქეთის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ბაზარზე, დროისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
აერბაიჯანული მედიის ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანი შუა დერეფნის კომბინირებული საზღვაო და სარკინიგზო კომპონენტის შესაძლებლობების გაფართოებაზე აქტიურად მუშაობდა, რაც ასევე მოიცავს საქონლის გადაზიდვას ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო მაგისტრალითა და ბაქოს პორტით. როგორც ჰაჯიევმა აღნიშნა, აზერბაიჯანი ახორციელებს ინვესტიციას ბაქოს ალათის პორტის გამტარუნარიანობის გასაზრდელად, რათა წელიწადში 25 მილიონ ტონას მიაღწიოს.
„აზერბაიჯანმა ახლახან დაიწყო დამატებითი ინვესტიციების განხორციელება საქართველოსთან ერთად BTK-ის ქართული სეგმენტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით. ჩვენ თურქ კოლეგებთანაც შევთანხმდით ყარსიდან ნახიჩევანამდე რკინიგზის გაყვანაზე,“ - განაცხადა აზერბაიჯანი პრეზიდენტის თანაშემწემ.
230 კილომეტრიანი ხაზი ყარსი-იგდირიდან დაიწყება და ნახიჩევანამდე გაგრძელდება. იქიდან ხაზი დაუკავშირდება ირანის, ავღანეთისა და პაკისტანისკენ მიმავალ სარკინიგზო ხაზს. ამდენად, თურქეთს ლოგისტიკაში დიდი უპირატესობა ექნება.
რაც შეეხება BTK-ის ქართულ მონაკვეთზე მუშაობას, სტატიის ავტორი წერს, რომ მისი დასრულება ორ თვეში იგეგმება. დღეს საქართველოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციების ხელმძღვანელების სამმხრივი შეხვედრა იმართება, სადაც განიხილება ამ სამუშაოს განხორციელების მიმდინარეობა და დაჩქარება.
ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ტვირთების გადაზიდვის დროს აზიასა და ევროპას შორის, რაც აუცილებელი პირობაა დამატებითი ტვირთების ნაკადების მოსაზიდად. საწყის ეტაპზე, მოდერნიზაციის შემდეგ, BTK-ის გავლით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 5 მილიონ ტონას შეადგენს.
ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.
„რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის ფონზე, ყველა ლოგისტიკური მარშრუტი რუსეთის ფედერაციასა და დასავლეთს შორის შეწყვეტილია, ასევე ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების ამჟამინდემა ესკალაციამ, წითელ ზღვასა და სუეცის არხში გადაზიდვები შეაფერხა, ამდენად, შუა დერეფნის, როგორც უსაფრთხო მარშრუტის როლი მხოლოდ გაიზრდება, რასაც პროგნოზებიც ამყარებს: 2025 წლისთვის შუა დერეფნის გასწვრივ ტრანსპორტირების მოცულობა წელიწადში 10 მილიონ ტონა ტვირთს მიაღწევს. 2023 წელს ამ მარშრუტით 2,75 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 64%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით,“ წერს აზერბაიჯანული მედია.