საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ მიმართა გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით. ინფორმაციას რადიო თავისუფლება პროკურატურის პრესცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფლისა," - აცხადებს პროკურატურა.
მანამდე საქართველოს მთავრობამ უკრაინის ხელისუფლებას ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ლორთქიფანიძის გადაცემა მოსთხოვა.
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი ამჟამად უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობას იკავებს. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძე ამჟამად უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებს.
იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი ბრალდებულია პატიმრების წამების, ბუტა რობაქიძის მკვლელობის, კობა დავითაშვილის ცემის და სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ პატიმრების წამების საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული დავით ჭაკუა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ქართულ მხარეს 2020 წელს გადასცა.
ინფორმაციისთვის, გერმანიაში გამართული შეხვედრების ამსახველი ფოტოები, რომლებზეც ზურაბ ადეიშვილი ჩანს, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინის გენერალურმა პროკურურმა ანდრი კოსტინმა ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილა ომის დანაშაულების მსხვერპლებთან და მოწმეებთან მუშაობის კოორდინაციისა და მათთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხები.
საქართველოში გერმანიის საელჩომ განმარტა, რომ ზურაბ ადეიშვილი 22 თებერვალს დებატების დროს იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესთაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა.
„ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისადმი დამოკიდებულებას. ყველასთვის ცნობილია, რომ ურთიერთობები გერმანიასა და საქართველოს შორის ძალიან კარგია,“ - აღნიშნა საელჩომ განცხადებაში.
დღეს, 11 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ "ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო."
- მთავრობა: ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში არიან
- ევროკავშირის წარმომადგენლობა: უკრაინის გენერალურ პროკურორთან გერტ იან კოპმანის შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა