ევროკომისია ბოსნიასთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციას გასცემს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ეს აღმასრულებელი შტო გამოვა რეკომენდაციით, წევრმა ქვეყნებმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაიწყონ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება.

„ცხადია, ჩვენს კავშირში გასაწევრიანებლად მეტი პროგრესია საჭირო," - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა ევროპის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას.

„მაგრამ ეს ქვეყანა აჩვენებს, რომ შეუძლია, დააკმაყოფილოს წევრობის კრიტერიუმი და მისი მოქალაქეების მისწრაფება გახდნენ ჩვენი ოჯახის ნაწილი. ამიტომ, დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას რომ საბჭოს მივმართოთ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციით," - დაამატა ფონ დერ ლაიენმა.


კომისიის რეკომენდაცია და პროგრესის შესახებ გასული წლის დეკემბერში მიღებული ანგარიში გახდება საფუძველი 21-22 მარტს დანიშნულ სამიტზე იმ გადაწყვეტილების მისაღებად, დაიწყოს თუ არა ბოსნიასთან გაწევრიანების მოლაპარაკება.


ბოსნიას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2022 წლის დეკემბერში მიენიჭა. ერთი წლის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა მზაობა გამოხატეს სარაევოსთან გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად, როცა დასავლეთ ბალკანეთის ეს სახელმწიფო ყველა პირობას შეასრულებს.

კომისიას ასევე სთხოვეს, შეედგინა პროგრესის შესახებ ანგარიში, რომლის საფუძველზეც მარტში ამ საკითხს განიხილავენ. ანგარიში 12 მარტს, მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ბოსნია ევროკავშირის წევრობის ცხრა კანდიდატ ქვეყანას ( საქართველოსთან, უკრაინასთან, ალბანეთთან, მოლდოვასთან, მონტენეგროსთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, სერბიასთან, თურქეთთან ერთად) შორის ერთ-ერთია.