წინასწარი შეფასებით, დიდუბეში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია

თბილისის დიდუბის რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მომხდარი აფეთქების გამომწვევ მიზეზად, წინასწარი ვერსიით, ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.

აფეთქება გვიან ღამით მოხდა სამტრედიის ქუჩის #2-ში მდებარე, 4-სადარბაზოიანი კორპუსის მე-3 სადარბაზოში. მსხვერპლი არ არის. დაზიანებულია რამდენიმე ბინა და შენობის სიახლოვეს გაჩერებული ავტომობილები. აფეთქების ტალღამ კორპუსის სხვა სადარბაზოების ბინებში ფანჯრები ჩაამსხვრია.


თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირველადი დათვალიერებით, გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. აფეთქება მოხდა შენობის პირველ სართულზე მდებარე კომერციულ ფართში, სადაც სარემონტო სამუშაო მიმდინარეობდა.

კორპუსიდან ყველა მცხოვრები გაიყვანეს. შენობის მდგომარეობა ექსპერტებმა უნდა შეაფასონ.

14 მარტს, დილის 9 საათისთვის თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაზარალებულთა სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო. მერიის მონაცემებით, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, 93 ოჯახი ცხოვრობს. თბილისის მერიის თანახმად, შენობის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ გაირკვევა, მოსახლეობა საცხოვრებლად კორპუსს დაუბრუნდება, თუ სახლის გამაგრებამდე დროებით ქირით გადაიყვანენ.