უვადო ლამინირებული პირადობის მოწმობები უქმდება

რამდენიმე თვეში საქართველოში რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს, რომლებსაც უვადო ლამინირებული პირადობის მოწმობები აქვთ, დოკუმენტი გაუუქმდება. იუსტიციის სამინისტრო ID ბარათების აღებას მათ 15 მარტიდან უფასოდ სთავაზობს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლების მიზნით, მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ.

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, 2024 წლის პირველი ივლისიდან უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები.


საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის დეკემბერში მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის პირველი ივლისიდან გაუქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული ყველა ლამინირებული პირადობის მოწმობა.

განახლებული საარჩევნო კოდექსის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით ან პასპორტით. პარლამენტმა კანონმდებლობა სწორედ ამ მიზეზით შეცვალა და ლამინირებული პირადობის მოწმობების გაუქმება გადაწყვიტა.