ეუთო/ოდირი: ზოგიერთი რეკომენდაცია, მათ შორის არჩევნების ადმინისტრირებასთან,  მედიასთან, გასაჩივრების პროცესთან დაკავშირებით, არ შესრულებულა

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში გამოქვეყნდა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ევროპის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები ნაწილობრივ შესრულდა, თუმცა, ზოგიერთი რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია, მათ შორის კამპანიის წარმოებასთან, არჩევნების ადმინისტრირებასთან, მედიასთან, გასაჩივრების პროცესთან დაკავშირებით საკითხები და სხვა.

ოდირი მზადაა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაში საქართველოს ხელისუფლებას დაეხმაროს.

„მართალია, ბევრი დაინტერესებული მხარე მიესალმა ცვლილებებს, თუმცა გამოითქვა შეშფოთება საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო კამპანიისა და წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების, საარჩევნო დღის პროცედურების მიმართულებით კანონმდებლობის ეფექტურ განხორციელებასთან დაკავშირებით,”- ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ არჩევნები სამი დონის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობით იმართებოდა და საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონით დადგენილი ვადები დააკმაყოფილა და ზოგადად ეფექტიანად მართავდა არჩევნების ტექნიკურ ასპექტებს COVID- 19-ის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგულარულად ატარებდა სხდომებს, რომლებიც ღია იყო აკრედიტებული საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი არ განხილულა ცესკო-ს მიერ ღია სესიებზე, რაც კანონთან შესაბამისობაში იყო, თუმცა ზღუდავდა გამჭვირვალობას. საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა, განსაკუთრებით დაბალ დონეებზე, უარყოფითად აისახა საარჩევნო კომისიების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების აღქმაზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთანავე, დოკუმენტში ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ პროცესი პასიური, ხანგრძლივი და ცენტრალიზებულია.

დოკუმენტში 8 პრიორიტეტული რეკომენდაციაა მოყვანილი:

1. სტაბილური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, უნდა გადაიხედოს კანონმდებლობა, რათა ის უფრო მეტად იყოს მოყვანილი ეუთოს ვალდებულებებთან, საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შეთანხმებაში, მომდევნო არჩევნებამდე ადრეულ პერიოდში და ინკლუზიური კონსულტაციების პროცესის ფარგლებში.

2. შესაძლოა გადაიხედოს საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობა, მისი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით. შესაძლებელია წევრების დანიშვნის ფორმულის გადახედვა უფრო მეტად დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად და ერთი პოლიტიკური პარტიის ფაქტობრივი დომინანტობის თავიდან ასაცილებლად

3. საარჩევნო კომიისიისადმი გამჭვირვალობისა და ნდობის გაზრდის მიზნით, ცენტრალურმა და საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა განიხილონ ყველა არსებითი საკითხის კოლეგიალურად და საჯარო სხდომებზე განხილვის საკითხი.

4. საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობისა და ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფის დასაცავად, შესაბამისმა ორგანოებმა ამომრჩევლებისა და საარჩევნო კამპანიაში მონაწილე პირთა დაშინების შესახებ ბრალდებების გამოძიებისთვის სწრაფი და ეფექტიანი ნაბიჯები უნდა გადადგან

5. უნდა გადაიხედოს საარჩევნო დავების დარეგულირების სისტემა პროცესის გამარტივებისა და სამართლებრივი რეგულირების გაფართოების მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეების შესაძლებლობა საარჩევნო უფლებების დარღვევის შემთხვევაში შეძლონ საჩივრის შეტანა სამართლებრივი დაცვისთვის

6. საარჩევნო დავების დარეგულირების გამჭვირვალობისა და აღნიშნული პროცესისადმი ნდობის გასაზრდელად, ყველა საარჩევნო დავა კომისიების მიერ ​კოლეგიურად და ღია სხდომებზე უნდა განიხილებოდეს. საარჩევნო დავებთან დაკავშირებით ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად, კანონი უნდა ითვალისწინებდეს საარჩევნო ორგანოებისა და მათი წარმომადგენლების ყველა გადაწყვეტილებისა და ქმედებების (ან უმოქმედობის) სასამართლო განხილვის უფლებას.

7. არჩევნების შემდგომი საჩივრების განხილვის გამჭვირვალე, სამართლიანი და თანმიმდევრული პრაქტიკის უზრუნველსაყოფად, საარჩევნო კოდექსმა უნდა განსაზღვროს მკაფიო, ობიექტური კრიტერიუმები შედეგების ხელახლა გადათვლისა და ანულირებისთვის. საოლქო საარჩევნო კომისიები უნდა იყოს შესაბამისად დაკომპლექტებული და მომზადებული საჩივრების ეფექტიანად განხილვისთვის და ყველა წამოჭრილი ხარვეზის დეტალური გამოძიებისთვის.

8. უფასო საეთერო დროის დათმობისა და რეკლამისთვის თანხების გამოყოფის არსებული სისტემა უნდა გადაიხედოს, რათა ყველა კანდიდატი უზრუნველყოფილი იყოს კამპანიის წარმოების თანაბარი შესაძლებლობებით.