ბაქო საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრას ხვალ უმასპინძლებს

15 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან და ჰაქან ფიდანთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე შეხვედრაში.


საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ  სამმხრივი ფორმატის ფარგლებში, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებს და მისი გაძლიერების პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში სექტორული კავშირების განვითარების შესაძლებლობასა და მის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც სამი ქვეყნის ჩართულობით მიმდინარე საერთაშორისო ხასიათის სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებზე. სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან.

დაგეგმილი შეხვედრის შესახებ პირველად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა თავის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან ანკარაში შეხვედრისას ისაუბრა.