უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ამის შესახებ განცხადებებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სოციალურ პლატფორმა Twitter-ის პირად გვერდებზე ავრცელებენ.
„ურყევად უკრაინის მხარეს ვდგავართ, ეს კიდევ ერთხელ გავიმეორე პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში. უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციაში. იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება,” - წერს შოლცი.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტი ევროკომისიის მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტის დამტკიცებას მიესალმა.
„აზრები გავცვალეთ პარიზის 26 თებერვლის უკრაინის მხარდაჭერის შესახებ კონფერენციის შედეგებზე და პოზიციების კოორდინაცია მოვახდინეთ ვეიმარის სამეულის ლიდერების შეხვედრამდე, რომელიც პარასკევს ბერლინში ოლაფ შოლცის, ემანუელ მაკრონისა და დონალდ ტუსკის მონაწილეობით გაიმართება,” - წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ შოლცმა მაკრონი და ტუსკი უკრაინის საკითხის განსახილველად ბერლინში მიიწვია.