უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთის კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს დრონებით შეუტიეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ დღეს, 15 მარტს დრონებით შეუტიეს კალუგის ოლქში მდებარე საწარმოს, „პირველ ქარხანას“, რომელსაც პუტინის ხელისუფლება სამხედრო მიზნებით იყენებს. წყაროს ცნობით, დრონებმა „დასახულ მიზანს მიაღწიეს.“
დღეს დილით, კალუგის ოლქის გუბერნატორმა ვლადისლავ შაპშამ ტელეგრამ-არხით გაავრცელა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ძერჟინსკის რაიონში „ჩაახშეს“ 4 უპილოტო საფრენი აპარატი. გუბერნატორის მტკიცებით, ინფრასტრუქტურა არ დანგრეულა და არავინ დაშავებულა. ნავთობქიმიური საწარმო „პირველი ქარხანა“ მდებარეობს კალუგის ოლქის იმ რაიონში, რომელიც შაპშამ დაასახელა. რუსული ინტერნეტგამოცემა Baza წერს, რომ ერთ-ერთი დრონი ქარხნის მილს მოხვდა და ხანძარი გამოიწვია.
ბოლო სამ დღეში დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა კომპანია „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ნიჟნი-ნოვგოროდის ქალაქ კსტოვოში მდებარეობს. ასევე, დრონებით იერიში იყო რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის ნავთობის და გაზის უმსხვილესი კომპანიის, „როსნეფტის“ კონტროლქვეშაა. შეტევა იყო ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშიში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. 13 მარტს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, ბრიტანული BBC-ს უკრაინულ სამსახურს და გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო და რომ უკრაინის ამოცანაა, რუსეთს წაართვას რესურსები და შეუმციროს ნავთობით მიღებული ფულის და საწვავის ნაკადები, რომლებსაც ომის და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს.
Bloomberg-ის ცნობით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებსაც უკრაინამ დრონებით შეუტია, რუსეთის სიმძლავრეთა 12% მოდის.