თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. უწყების განმარტებით, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეუწყდა და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს.
„ამასთან, დავით ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში არ ჰქონია სახელმწიფო საიდუმლო ცნობებზე დაშვება,“ წერს თავდაცვის სამინისტრო.
“მთავარი არხის” ცნობით, მათ მოიპოვეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენი დავით ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტს იკავებდა. კერძოდ, ხიდაშელთან გაფორმებული იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მისი ყოველთვიური ანაზღაურება 1000 ლარი უნდა ყოფილიყო.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დავით ხიდაშელთან თავდაცვის უწყების მიერ გაფორმებულ კონტრაქტზე დეტალურად არ საუბრობს.
„დავით ხიდაშელი ჩემს მრჩევლად?… იყო რაღაც პერიოდი, როცა გარეჯაზე ვმუშაობდით, იცით თქვენ, რომ დავით გარეჯის საკითხზე ვმუშაობდით და მაშინ დავითიც [ხიდაშელი] ჩართული იყო ამ საკითხზე. ამ საკითხთან დაკავშირებით თუ დაგვჭირდებოდა კითხვები.”
კითხვა, მისი ინფორმაციით, დღესაც არის თუ არა ის მრჩეველი, ასე პასუხობს:
“არ მგონია, დღეს არ იქნება ალბათ გაფორმებული.”
თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი უწყების თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 9 თებერვალს წარუდგინა.