ენერგოუსაფრთხოების ექსპერტი: ნამახვანჰესის უსაფრთხოდ აშენებას 2 მილიარდი დოლარი სჭირდებოდა, ახლა კი 750 მილიონ დოლარად აშენებენ

რაჭაში ნამახვან ჰესის მშენებლობას უკვე დიდი ხანია ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოს დამცველები აპროტესტებენ. რამდენიმე დღის წინ, ქუთაისში, ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა. პროტესტის შემდგომ, 5 მარტს, აქციის ორგანიზატორებს, ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს დამცველებს მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ.

ჰესის აშენების შემდეგ გამოწეული მოსალოდნელი საფრთხეების გამო, წლების წინ, მსგავსი საპროტესტო ტალღა აგორდა შუახევჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, შუახევში ერთ-ერთი საპროტესტო აქცია სამართალდამცველებმა დაშალეს. მოსახლეობის წინააღდეგობის მიუხედავად, ჰესის მშენებლობა გაგრძელდა, თუმცა როგორც კი ჰესის ექსპლუატაციის სატესტო რეჟიმის დროს წყალი გაუშვეს, „შუახევიჰესის“ სამი გვირაბიდან ერთ-ერთი მალევე ჩამოიშალა. ჰესის მფლობელ კომპანიაში, „აჭარისწყალ ჯორჯიაში“ თქვეს, რომ მეწყრული პროცესებით აქტიურ მაღალმთიანეთში, სავარაუდოდ, გვირაბის ჩამოშლა „არამყარმა ქანებმა“ განაპირობა და საქმე გვაქვს „გაუთვალისწინებელ გეოლოგიურ პროცესთან“.

სწორედ იგივე კომპანია აშენებს ნამხვანჰესს CLEAN ENERGY GROUP GEORGIA“ LLC (შპს „ენკა რინიუებლზ“) , რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა კომპანიის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიაზე დაპირებას არ ენდობა. სპეციალისტები შიშობენ, რომ ნამახვან ჰესის ტერიტორიაზეც არამყარი ქანებია, მეწყერსაშიში ზონააა და ჰესის მშენებლობა დიდ საფრთხეებთან არის დაკავშირებული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას განუცხადა, რომ ექსპერტთა კვლევების თანახმად, გრავიტაციული კაშხლის, კოლაფსის და ნგრევის არც ერთი პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში და ერთი მემილიარდედია იმის თეორიული შანსი, რომ ნამახვნაჰესის კაშხალს რამე დაემართოს.

მინისტრის მტკიცებით, პირიქით, თვითონ კაშხლები როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე „ნამახვანი ჰესის“ შემთხვევაშიც დაიცავს ხეობას მეწყრული პროცესებისგან.

ადგილობრივმა მოსახლეობამ კი მინისტრს უპასუხა რომ მთავრობა შუახევის მოსახლეობასაც მსგავს უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, მაგრამ ჰესის ერთ-ერთი გვირაბი ჩამოიშალა, ამიტომ ისინი იგივე კომპანიის მიერ აშენებულ ჰესს ვერ ენდობიან და საერთოდ მიაჩნიათ, რომ დიდი ჰესის აშენება იმ კონკრეტულ ზონაში მიუღებელია, გარემოზე ზემოქმედების და ისტორიული ძეგლების განდგურების გამო.

ნამახვანჰესის მშენებლობის რისკებზე, მშენებელი კომპანიის გამოცდილებაზე, სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების მიზანშეწონილობასა და არსებული სიტუაციიდან გამოსავალზე, Europetime ენერგოუსაფრთხოების საკითხების სპეციალისტს გიორგი ჭაღიაშვილს ესაუბრა.

„ნამახვან ჰესის მშენებელი კომპანიას, ჰესის მშენებლობის გამოცდილება უკვე ჰქონდა შუახევჰესზე, სადაც არაერთი პრობლემა შექმნეს. აშენებული გვირაბის ჩამონგრევის გარდა, ბევრი პრობლემა იყო. ეს პრობლემები დღემდე გრძელდება. 25 მილიონი დოლარი აქვთ მოსახლეობაზე გასაცემი, მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვაც იგივე კომპანიას მისცეს. ჯერ მარტო მემორანდუმი გააფორმეს ისეთი პირობებით, რომ ცალსახად კომპანიის სასიკეთოდ მოქმედებს.

ალბათ კორუფციასთან და კონკრეტული პირების ინტერესების კვეთას აქვს ადგილი თორემ, ამ ჰესიდან სხვა სარგებელი არაფერი არ არის, არც ეკონომიკური.

ორი წლის წინ, მსოფლიო ბანკმა ნამახვანჰესთან დაკავშირებთ რეკომენდაცია გასცა, გარანტირებულ შესყიდვასთან დაკავშირებით, რომ არსებული ფორმა არასწორია. სახელმწიფომ რატომღაც გამონაკლისი დაუშვა და მისი გადახედვა მოითხოვა. კერძოდ, მემორანდუმის თანახმად, საწყის პირველ წელიწადს გარანტირებული შესყიდვით სახელმწიფო ელექტროენერგიას 6.2 ცენტად ყიდულობს. მემორანდუმი მყარ ვალუტაშია გაფორმებული. 15 წლის განმავლობაში ტარიფი ყოველწლიურად 3 ცენტით უნდა გაიზარდოს.ამ პირობებით, შეიძლება 40 ცენტამდეც კი ავიდეს. მაშინ, როდესაც სემეკს სულ სხვა პოლიტიკა აქვს, გამოდის რომ ნამახვანჰესის წარმოებული ელექტროენერგიის შესყიდვის საკითხი სახელმწიფო ბიუჯეტის დოტაციაზე უნდა დავსვათ“, - აღნიშნავს გიორგი ჭაღიაშვილი.

მისივე თქმით, 2000 წლიდან გარემოს დაცვის და ნებისმიერი კვლევების შესაბამისად აღიარებულია, რომ გიგანტური ჰესების აშენება სიკეთის მომტანი არ არის, იწვევს კლიმატის ცვლილებებს, რელიეფის დამახინჯებას და განახლებადი ენერგეტიკის კლასიფიკაციაში ჩასმული არ არის.

„მიუხედავად ამ რეკომენდაციებისა, ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან დიდი ჰესების აშენების ინტერესი გამომდინარეობს იქედან, რომ საქართველომ ელექტროენერგიის მოცულობა გაზარდოს და საბითუმო ვაჭრობაში მიიღოს მონაწილეობა. ელექტროენერგიის მარაგის კრიზისი განსაკუთრებით ზამთარში ნამდვილად გვაქვს, ყოველ წელს 800 მილიონ კილოვატ საათს ვყიდულობთ.

ნამახვანის საინვესტიციო თანხად გამოყოფილია 750 მილიონი დოლარი. მაგრამ ჰესის მაქსიმალურად უსაფრთხოდ ასაშენებლად 2 მილიარდი ამერიკული დოლარი მაინც არის საჭირო. ვინაიდან ამხელა თანხა ვერ მოიძიეს, შესაბამისად რისკებზე ინფორმაცია დამალეს. სათანადო კვლევები არ ჩაატარეს. მშენებლობა ისე დაიწყეს, პროექტის რისკებზე ცნობილი არაფერი არ იყო. მათ შორის, ნებართვა არ იყო ჯერ გაცემული, მშენებლობა რომ დაიწყეს.

მთავარი ისაა, რომ ნამახვანჰესს ეკონომიკური სარგებელიც არ მოაქვს. ორი მილიარდი რომ დახარჯონ კილოვატ სათის ღირებულება 10 ცენტამდე გაიზრდება. მაგრამ ვინაიდან 10 ცენტის გადამხდელი არავინაა, ამიტომ, ხელშეკრულებაში ყოველწლიურად ტარიფის 3 პროცენტიანი ზრდა ჩადეს. ამას ჰქვია ესკალაცია, ანუ რამე სტიქიური უბედურება რომ მოხდეს, ამ თანხით აზღვევენ, რომ მალე ამოიღონ თანხა, რადგან იციან, შეიძლება რამე მოხდეს, მიწისძვრა, მეწყერი და სხვა სახის პრობლემები", - განუცხადა Europetime-ს ენერგოუსაფრთხოების საკითხების სპეციალისტმა გიორგი ჭაღიაშვილმა.

მისივე თქმით, დიდი ჰესების ბევრი ალტერნატიული საშუალება არსებობს. მთავარია სისტემამ სწორად და მოქნილად იმუშაოს. ალტერნატიული საშუალებებია: წყლის მცირე ენერგეტიკა - მცირე და მიკრო ჰესები, მზის ენერგეტიკა, ქარის ენერგეტიკა. ჯეოთერმული ენერგეტიკა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიები.

„რატომ არ ცდილობს ხელისუფლება ალტერნატიული ენერგიების პროექტების განხორციელებას - ათეული წლების განმავლობაში მეცნიერები ცდილობდნენ ჩვენ დარწმუნებას, რომ დიდი ჰიდროენერგეტიკა იყო საქართველოს გადამრჩენი; რომ საქართველოში გვაქვს 26 ათასი მდინარე და ამ მდინარეების მხოლოდ 10 პროცენტია ათვისებული და აუცილებლად უნდა ავითვისოთ 80 პროცენტი. მაგალითად მოჰყავდათ ნორვეგია, დანია, ავსტრია და შვეიცარია. მართალია, ამ ქვეყნებმა გასულ საუკუნეში ბევრი დიდი ჰესის აშენება მოასწრეს, მაგრამ ახლა მათ დემონტაჟს გეგმავენ, როგორც კი ჰესებს ექსპლუატაციის ვადა გაუვათ", - აცხადებს გიორგი ჭაღიაშვილი.

ნამახვანჰესის მშენებლობით გამოწვეულ საფრთხეებთან დაკავშირებით გარემოს დამცველების ბრალდებებს პასუხობს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი.

როგორც Europetime-ს გეოლოგიის დეპარტამენტიდან აცნობეს, საუბარი იმაზე, რომ კაშხალი შენდება სუსტ გრუნტებში, სიცრუეა. კაშხალი განთავსებულია მტკიცე ორპირიტულ ქანებში, რომლებიც ერთ-ერთი მტკიცე, მდგრადი ქანებია. ყველაზე დიდი მეწყერი, რომელიც ამ ზონაში წყალსაცავის არეალშია მოქცეული, ეს არის ბერჩის მეწყერი, თუმცა იმ ტიპისაა, რომ ერთიანი მოწყვეტა და 34 მეტრიანი ტალღის გამოწვევა არ შეუძლია. ეს ზონა 170 მლნ კუბური მეტრის ტევადობის სივრცეა, რაც ძალიან დიდი ტევადობაა და გამორიცხულია, 34 მეტრიანი ტალღა წარმოიშვას.

„აღსანიშნავია, რომ არავითარი საფრთხე არ შეექმნება სამკურნალო ბალნეოლოგიურ წყლებს. სულ სხვა მორფოლოგიურ, ჰიდროლოგიურ და გეოლოგიურ ზონაში მდებარეობს კურორტი წყალტუბო და სხვა ზონაშია მდინარე რიონის ხეობის ის ზონა, სადაც ნამახვანის ჰესი უნდა აშენდეს.

ასევე, არავითარი კარსტული ქანები აქ არ არის. კარგი იქნება, მშენებლობის ეტაპზე საინიციატივო ჯგუფს თუ ჩამოვაყალიბებთ. ამ ხეობაში გვყავს ყველა მიმართულების სპეციალისტი, აღიარებული კონსტრუქტორები, გეოლოგები, მშენებლები და ეცადეთ, ნაკლებად მოუსმინოთ არასწორ ინფორმაციას. სეისმური თვალსაზრისით, ბევრად უფრო სეისმურ ზონაში მდებარეობს ენგურჰესი, ვიდრე ნამახვანი. გაშლის სიმაღლე იქ 275 მეტრია, აქ 105 მეტრი. მზად ვართ, კერძო და საჯარო საუბრებისთვის და უფრო ობიექტურად მივუდგეთ მშენებლობის საკითხს“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა.

ენერგოუსაფრთხოების ექსპერტი, გიორგი ჭაღიაშვილი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის არგუმენტებს პასუხობს და აცხადებს, რომ ტერიტორია გეოლოგიურად კი შესწავლილია, მაგრამ ჰესით გამოწვეული ზემოქმედების თვალსაზრისით არ არის შესწავლილი.

„აი ამხელა რაოდენობის დაახლოებით მილიარდ ორასი მილიონი მ3 წყალი უნდა დაგროვდეს. ეს წყალი ამ ნიადაგში რომ გაჟონავს, კვლევებში არავინ განიხილავს იქ მეწყერი წარმოიშობა თუ არა. თუ მეწყერი წარმოიშობა, რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს, ან საერთოდ გვჭირდება ამდენი წყლის დაგუბება? 19 ისტორიული ძეგლი უნდა დაიტბოროს.

ჟინვალის წყალსაცავის მშენებლობის დროს, როცა ტაძრები და სოფლები დაიტბორა, მაშინ საბჭოთა კავშირი იყო, ავტორიტარული სისტემა და ხმას ვერავინ იღებდა. ახლა სხვა სიტუაციაა. რეალურად არსებობს საფრთხე ამ ჰესებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა წამოიწია, რაც ისევ იმ კომპანიების დამსახურებაა, რომლებმაც ჰესის მშენებლობა უნებართვოდ გააგრძელეს. ეს საპროტესტო ტალღა არის აპოლიტიკური.

34-მეტრიანი ტალღის თემა იმიტომ განიხილება, რომ იტალიაში ერთ-ერთ ჰესზე, რომელიც ჰესების უმაღლესი კატეგორიის საინჟინრო ნაგებობაში აღიარეს, მეწყერი მოწყდა და წარმოქმნილმა 34-მეტრიანმა ტალღამ სამ წამში ქალაქი წაიღო, სადაც 2000-მდე ადამიანი ცხოვრობდა.

ამაზე აპელირებს დედამიწის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი, გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსი 34 სამ მეტრიანიც რომ იყოს, რატომ უნდა იყოს ზარალი?

რაჭა სეისმურად აქტიური ზონაა. ენგურჰესს რატომ ადრიან ნამახვანჰესს ენგურჰესზე დახარჯულია დღევანდელ თანხებით რომ შეაფასოთ 5 მილიარდი დოლარი. ამას უხარისხოდ აშენებენ ის კიდევ სულ სხვა ხარისხშია აშენებულია. აი განსხვავება რაშია. მშენებლობის ხარისხში ამოჭრა. ენგურჰესის მშენებლობა რომ დაიწყო, პროექტის მიმდინარეობის პერიოდში 40-ჯერ შეიცვალა და კორექტირება იმხელა თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ უკან არ დაიხიეს რადგან გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა. ნამახვანჰესზე კი საინვესტიციო თანხად გამოყოფილია 750 მილიონი დოლარი. მაგრამ ჰესის მაქსიმალურად უსაფრთხოდ ასაშენებლად 2 მილიარდი ამერიკული დოლარი მაინც იყო საჭირო. ვინაიდან ამხელა თანხა ვერ მოიძიეს, შესაბამისად რისკებზე ინფორმაცია დამალეს“, - განუცხადა Europetime-ს გიორგი ჭაღიაშვლმა.