შავი ზღვა, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი - რაზე შეთანხმდნენ თურქი, აზერბაიჯანელი და ქართველი მინისტრები

ანკარა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა ბაქოში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


ჰაქან ფიდანმა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

მისი თქმით, სამმხრივ შეხვედრაზე თურქულმა მხარემ კვლავ გამოუცხადა სრული მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისკენ.


მისივე შეფასებით, რეგიონის ქვეყნებს გაუჩნდათ რეალური შესაძლებლობა, გარდაქმნან სამხრეთ კავკასია მშვიდობის, სტაბილურობისა და საერთო კეთილდღეობის ზონად.

„სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა უმნიშვნელოვანესია არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ, გლობალური უსაფრთხოებისა და კავშირისთვის. მიგვაჩნია, რომ 2020 წლის ნოემბერში ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ გაჩნდა ისტორიული შესაძლებლობა ამ მიზნის მისაღწევად.

ჩვენ რეგიონის სხვა ქვეყნებისგან ველით კონსტრუქციულ მიდგომას, რომელიც დაეფუძნება ორმხრივად სარგებლობის პრინციპსა და რეგიონულ და გლობალური პროექტებისადმი მხარდაჭერას, როგორიცაა, მაგალითად, ზანგეზურის დერეფნის პროექტი,“ - განაცხადა ფიდანმა.


თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თბილისში მინისტრების ბოლო შეხვედრის შემდეგ, როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონულ დონეზე დიდი კრიზისებია. მისი თქმით, რეგიონში პოზიტიური ცვლილებები მოხდა - „30-წლიანი ოკუპაციის შემდეგ აზერბაიჯანმა აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა და საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.“


  • თურქი დიპლომატის თქმით, მინისტრების შეხვედრაზე განიხილებოდა რეგიონში შექმნილი ახალი ვითარება და თანამშრომლობის გაფართოების გზები. მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სფეროებში სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

ფიდანმა აღნიშნა, რომ სამმხრივ მოლაპარაკებებზე ხაზი გაესვა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მაგისტრალის სრული სიმძლავრით რაც შეიძლება მალე ამოქმედების აუცილებლობა.

„ჩვენ შევეხეთ მთელი რეგიონისთვის შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას, პირველ ყოვლისა, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. დავადასტურეთ ჩვენი სურვილი, ვითანამშრომლოთ, რათა გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, კონკრეტული პროექტების მეშვეობით,“ განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ფიდანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა და საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თურქეთის მუშაობაში, მისი თავმჯდომარეობით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (BSEC). 


მინისტრის თქმით, მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ ჯეიჰუნ ბაირამოვმა შეხვედრის მონაწილეებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებების ფარგლებში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.


თურქული მედიის ცნობით, „უკრაინაში შექმნილი ვითარების კომენტირებისას, ფიდანმა აღნიშნა, რომ „ომი უკრაინაში აგრძელებს უფრო და უფრო მეტ ჰუმანიტარულ და მატერიალურ ხარჯების მოტანას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.“